გიორგი გახარია: უმუშევრად დარჩენილებისთვის ერთჯერადი დახმარება ახალ წლამდე გაიცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეიდან იწყება ერთჯერადი სოციალური დახმარების გასაცემად განცხადებების მიღება.გახარიას თქმით, ფინანსთა სამინისტროს უკვე აქვს დავალება, რომ დახმარება ახალ წლამდე გაიცეს.
„დღეიდან, მოგეხსენებათ, ვიწყებთ აღრიცხვას მომართვიანობის ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარებისა ჩვენი იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბოლო 2-თვიანი შეზღუდვების შედეგად დაკარგეს დროებით სამსახური და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რომ მათ ეს დახმარება მიიღონ.
მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი.
ამასთან ერთად, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, ეს გახლავთ 103 მლნ ლარი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, იზრდება განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების, ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ,“- განაცხადა პრემიერმა.