ფინანსები
01/10/2020

GGF-ი და თიბისი ლიზინგი ენერგოეფექტური პროექტების ლარში დაფინანსების ხელმისაწვდომობას აფართოებენ

ლუქსემბურგის ფონდს “Green For Growth Fund” (GGF) და თიბისი ლიზინგს შორის 5 მლნ დოლარის სასეხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ლარის ექვივალენტში გაიცემა.

შეთანხმების მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა. აღნიშნული ფინანსური რესურსი წარმოადგენს პირველ სესხს, რომელიც ფონდის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან გაიცემა. ფინანსური რესურსის ლარში გამოყოფით, პარტნიორები მიზნად ისახავენ მეწარმეებს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები შეუმცირონ, ამავდროულად, დაეხმარონ მათ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავებაში.

2017 წლიდან თიბისი ლიზინგი GGF-ის სტრატეგიული პარტნიორია. მან მნიშვნელოვანი ვალდებულება იკისრა ენერგო რესურსების დაზოგვის ხელშეწყობის კუთხით, რასაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული მწვანე ლიზინგის დაფინანსებით. GGF-ის ახალი დაფინანსება კომპანიის კლიენტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ენერგოეფექტური ინვესტიციები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის მწვანე აღდგენაში. ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით 13,380 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 2,863 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება.
ლარში დენომინირებული ფინანური რესურსის გამოყოფა მოხდა GGF-ის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან, რომლის მიზანი ადგილობრივი ვალუტის მერყეობის შემცირებაა.

აღნიშნული აქციების კლასი ცნობილია, როგორც „L shares“ და მისი დიდი ნაწილის კონტრიბუტორს წარმოადგენს ევროკავშირი, ინიციატივის „ევროკავშირი ენერგიისთვის“ (EU4Energy) ფარგლებში და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).

“მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას თიბისი ლიზინგთან. ეს ინვესტიცია თიბისი ლიზინგს საშუალებას მისცემს, გაზარდოს მწვანე პორტფელი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე და უფრო მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ მიზნობრიობით ლარში გაცემული ლიზინგები უზრუველყოფენ ბიზნესისა და გარემოს დაცვას. როდესაც მსესხებელს წვდომა აქვს ლიზინგზე, რომელიც დენომინირებულია იგივე ვალუტაში, რა ვალუტაშიც მისი შემოსავალია, ისინი დაცულები არიან გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებული რისკებისგან. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, ოდესაც მეწარმეები კოვიდ-19 დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან,“ - განცხადა GGF-ის თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ.

„ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გავაგრძელეთ ფონდთან წარმატებული თანამშრომლობა 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმებით. თანხის ათვისება მთლიანად ადგილობრივ ვალუტაში მოხდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი მწვანე პროდუქტები შევთავაზოთ და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მათგანი ლარში იქნება შეთავაზებული, რაც ასევე თავიდან ააცილებს მათ კურსთა ცვალებადობით გამოწვეულ რისკებს. ჩვენი სტრატეგიული მიმართულება მოიცავს ჩვენს პორტფელში ენერგოეფექტური პროექტების წილის ზრდას, რაც მიღწევადია მხოლოდ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილესთან წარმატებული პარტნიორობით, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევების პერიოდში,“ - განაცხადა თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.

GGF-ი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართულია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.

GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH. ტექნიკურ კონსულტაციებს კი MACS Management and Consulting Services GmbH, ფრანკფურტი, უზრუნველყოფს.

თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოში წამყვანი სალიზინგო კომპანიაა და ბაზარზე მისი წილი 70%-ს შეადგენს. თიბისი ლიზინგის მართვაში არსებული მთლიანი პორტფელი 300 მლნ ლარს აღემატება. თიბისი ლიზინგი შემდეგ დარგებს აფინანსებს: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგიის პროექტები, ტექნოლოგიები, ჰორეკა (რესტორნები, სასტუმროები და კვების ინდუსტრია) და სხვა მრავალი. კომპანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოპერირებს, აქვს 5 ფილიალი და ჰყავს 120 თანამშრომელი.