ფინანსები
03/05/2023

Galt&Taggart : ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს ინფლაციის მაჩვენებელი 3.3% იქნება

მიმდინარე წელს, Galt&Taggart-ის პროგნოზით ინფლაციის მაჩვენებელი 3.3% იქნება. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ Galt&Taggart -ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ  აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 0.7%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული იყო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიით, ასევე ტრანსპორტის კატეგორიაში დაფიქსირებული კლებით.

როგორც ქავთარაძე აღნიშნავს, ინფლაცია წინა თვესთან შედარებით მოსალოდნელზე მეტადააა შემცირებული.

„წინა თვეში იყო 5.3% და თუ შევხედავთ გამსხვილებული ჯგუფების მიხედვით, შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტისა და ჯანდაცვის კატეგორიამ მოახდინა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა.

მანამდე თუ ორნიშნა იყო, ახლა ამ კატეგორიაში ინფლაცია წლიურად  5.9%-ით გაიზარდა.“-აცხადებს Galt&Taggart -ის ეკონომისტი.

მისი განმარტებით,  მაისის თვეში კიდევ უფრო დაბალ ინფლაციას უნდა ველოდოთ. საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პროდუქტი, ბინების გაქირავება, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ინფლაციაში 0.7%-იანი კონტრიბუცია შეჰქონდა , მოსალოდნელია, რომ განულდება და ამის გამო ინფლაცია ქვემოთ წამოვა.

როგორც Galt&Taggart -ის ეკონომისტი ვარაუდობს, გამორიცხული არ არის, რომ ინფლაცია 2%-ზე დაბალი იყოს. ამ ფონზე, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყოს და კვლევითი ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ 10 მაისს სხდომაზე მონეტარული პოლიტიკას შეარბილებენ.

რაც შეეხება დეფლაციას, ქავთარაძის ცნობით, საქართველოს მსგავსი გარდამავალი ქვეყნებისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, "საქსტატის" ინფორმაციით,  2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, „საქსტატის „ მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

 

 

 

Businesspartner