ფინანსები
28/04/2021

Galt&Taggart-ი: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიზანშეწონილია

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას “ბიზნესპარტნიორთან“ ეხმაურება და აცხადებს, რომ სებ-ის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

მისი განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება Galt&Taggart-ის პროგნოზს ემთხვევა.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 1-1.5%-ული პუნქტით მოხდებოდა მონეტარული პოლიტიკის აწევა და ფაქტობრივად, ესეც მოხდა. ამის მიზეზი არის ის, რომ მარტში ჩვენ დავინახეთ გაზრდილი ინფლაცია, რომელიც 7.2% იყო. მასზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაცვლითი კურსის ზემოქმედება, როდესაც ლარი უფასურდება და მისი გავლენა ფასებზე არის ყველაზე მაღალი. ამ მიზნით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიზანშეწონილია.“ - აცხადებს ქავთარაძე.

რაც შეეხება მოლოდინებს, Galt&Taggart-ის ეკონომისტი განმარტავს, რომ მიმდინარე წელს საშუალო წლიური ინფლაცია 6.9%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება გაცვლით კურსს, ის  ტურიზმის გამოცოცხლებამდე 3.4-3.5-ის ნიშნულის ფარგლებში იქნება.

„ლარის კურსი პირდაპირ დამოკიდებულია ტურიზმზე და ვაქცინაციის პროცესზე. თუ ამ კუთხით დადებითი ტენდენცია გვექნება, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მცირედი გამყარების მიმართულებით იყოს ეროვნული ვალუტის კურსი, თუმცა, ეს ძალიან შესამჩნევი არ იქნება“-აცხადებს ქავთარაძე.

შეგახსენებთ, დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 1%-ული პუნქტით 9.5%-მდე გაზარდა.