ფინანსები
29/04/2021

Galt&Taggart-ი: ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ცვლილება ლარის გამყარებისკენაა მიმართული

საბანკო სექტორისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებას “ბიზნესპარტნიორთან“ Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე აფასებს.

მისი განცხადებით, ეს ეხება უცხოურ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებს, მასზე სარეზერვო ნორმების შემცირება კი მიმდინარე წლის ივლისიდანაა გათვალისწინებული.

ქავთარაძე აცხადებს, რომ ცვლილება ცალკეული კომერციული ბანკისთვის ინდივიდუალურად იქნება ამოქმედებული.

„იმ კომერციულ ბანკს, რომელსაც დოლარიზაციის კოეფიცინტი ექნება 40% და მის ქვემოთ, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოურ ვალუტაზე შეუმცირდება 25%-დან 10%-მდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კომერციულ ბანკს ბაზრისთვის დამატებთი უცხოური ვალუტის მიწოდება შეეძლება.

მაგალითად, თუ 100 დოლარი აქვს კომერციულს ბანკს უცხოური ვალუტის დეპოზიტის ანგარიშზე და აქამდე უწევდა 25 დოლარის დარეზერვება, ამ ცვლილების შემდეგ შეეძლება მხოლოდ 10 დოლარი დაარეზერვოს, თუმცა იმ პირობით, რომ მას დოლარიზაციის კოეფიციენტი ექნება 40%-მდე,“ - აცხადებს ქავთარაძე.

მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ბაზარზე შესაძლოა მოხდეს უცხოური ვალუტის მიწოდება თუ ბანკებს ექნებათ შესაძლელობა შეამცირონ საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე. ეს თავის მხრივ, დაეხმარება სავალუტო ბაზარს უცხოური ვალუტის დეფიციტის შემცირების კუთხით და პოზიტიურად იმოქმედებს ლარის კურსზე.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, სარეზერვო მოთხოვნა ბანკებში არსებულ სავალუტო დეპოზიტების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.

"ამ მიზნით, ივლისიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10%-მდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70% ან მეტია, ის კვლავ 25% იქნება; 40-70%-ის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება.

ანალოგიურად, 15-დან 10%-მდე შემცირდება სარეზერვო ნორმა 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის", - განმარტა კობა გვენეტაძემ.