ფინანსები
18/01/2023

გაიზრდება თუ არა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი - ალექსანდრე ძნელაძის განმარტება

"საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ აცხადებს, რომ არ იქნება სწორი იმაზე პირდაპირ საუბარი, რომ მთავრობის გადაწყვეტილება „ესტონური მოდელი“ არ გავრცელდეს  ბანკებზე, მომხმარებლებზე  აისახება და მათ დააზარალებს. 

„პადემიის შემდგომ, საბანკო სექტრომა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ხარჯების ოპტიმიზაცია არ მომხდარიყო. მაშინ საბანკო სექტორში შემცირებები არ ყოფილა, მათ შორის, ყველაზე კრიტიკულ, ე.წ. ლოქდაუნის პერიოდში.

წელს უნდა გვქონდეს  ხარჯების ოპტიმიზაციის მოლოდინი, ასევე მნიშვნელოვანია რომ საპროცენტო განაკვეთები დღეს მსოფლიოში ინფლაციის მაჩვენებელზეა მიბმული, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ამის გამო საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება, ხმამაღალი განაცხადი იქნება. გარკვეულწილად, ეს გადანაწილდება ხარჯების ოპტიმიზაციაში და შემოსავლების სტრუქტურაში,“-აცხადებს ძნელაძე.  

მისივე ინფორმაციით, საბანკო სექტორი მდგრადია და ამ თვალსაზრისით, გრძელვადიან პერიოდში მდგრად განვითარებას განაგრძნობს.

„ესტონური მოდელის სრულად გაუქმება და 5%-იანი დივიდენდის შემოტანა, ანუ რეალურად რაც ზრდის საგადასახადო ტვირთს საბანკო სექტორისთვის, გარკვეულწილად გაიწოვება სხვადასხვა მიმართულებით. ერთი ნაწილი იქნება ხარჯების ოპტიმიზაცია, მეორე  - გარკვეულ შემოსავლებში ასახვა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მისი ზრდა ორ ნაწილად გავყოთ. პირველი, ლარში და მეორე - უცხოურ ვალუტაში. თუ ჩვენ ვგულისხმობთ საპროცენტო განაკვეთების იმ მოცულობამდე შემცირებას, რაც იყო 2018-2019 წლებში ამაზე ყველა ექსპერტი საუბრობს, რომ შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში ეს შეუძლებელი იქნება.

თუ შევეხებით კონკრეტულად ლარში სესხებს, ამაზე არაერთი განცხადება იყო, მათ შორის, ეროვნული ბანკისგან, რომ პირდაპირპროპორციულად მოლოდინები გვაქვს, რომ ზაფხულის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს. ამასთან, ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, რომ რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს, მეორე კუთხით, არ ველოდებით რეფინანსირების განაკვეთის ზრდას.

დღეს საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საკმაოდ მკაცრია და  11% -ს შეადგენს,“-აცხადენს ძნელაძე.

შეგახსენებთ, მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ბიზნესისთვის 2018 წლიდან ამოქმედდა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება.

მაშინ ითქვა, რომ მოგების გადასახადის აღნიშნული მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. რამდენიმე კვირის წინ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბანკები ე.წ. ესტონურ მოდელზე 2023 წელსაც არ გადავიდოდნენ.

მისი თქმით, ეს გაუმართლებელია, რადგან ბანკებს ისედაც მაღალი მოგება აქვთ.

 

Businesspartner