ფინანსები
14/10/2020

Fitch-ი: საქართველოს საბანკო სექტორი აღდგენას 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს

Fitch-ის პროგნოზით, პანდემიით დაზარალებული საქართველოს საბანკო სექტორი აღდგენას 2020 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს, რაც 2021 წელსაც გაგრძელდება. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ახალი შეფასება გამოაქვეყნა.  ანგარიშში ნათქვამია, რომ  ეკონომიკის  გააქტიურებასთან ერთად საკომისიო შემოსავლებმა ზრდა დაიწყო , ხოლო მოგების მარჟა დაკრედიტების გააქტიურების ხარჯზე გაიზრდება,  განსაკუთრებით, ისეთ მაღალშემოსავლიან სეგმენტებში, როგორიცაა მიკრო, მცირე, და საშუალო ბიზნესი. 

Fitch-ი აღნიშნავს, რომ ბანკებმა შესაძლო საკრედიტო დანაკარგებისთვის უკვე შექმნეს 1,1 მლრდ. ლარის რეზერვი, რამაც  სექტორი  500 მილიონით აზარალა. ანგარიშში საუბარია სესხების გადავადებაზეც. „მიგვაჩნია, რომ ახლო მომავალში ამ სესხების შემოსავლიანობის დაბრუნება ბანკების მომავალი გადახდისუნარიანობის გასაღები იქნება,“  - ნათქვამია ანგარიშში.  

სააგენტოს შეფასებით, აქტივების ხარისხის გაუარესება თუ გაგრძელდა, ბანკებს შესაძლოა ახალი რეზერვის შექმნა დასჭირდეთ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სექტორის კაპიტალიზაციაზე.