ფინანსები
21/06/2022

ფინანსურ ინსტიტუტებს ახალი ვალდებულებები ექნებათ

ფინანსურ ინსტიტუტებს 2023 წლიდან ახალი ვალდებულებები დაეკისრებათ. ცვლილებას "საგადასახადო კოდექსი" ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია დარეგისტრირებული. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. 

მოქმედი კანონმდებლობით, შემოსავლების სამსახურს არ აქვს უფლებამოსილება დაავალდებულოს საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტები, რომ უზრუნველყონ მათი მომხმარებლების ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებს არ აქვთ ვალდებულება, ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) მიზნებისთვის განახორციელონ სათანადო პროცედურები კლიენტების ფინანსურ ანგარიშებთან დაკავშირებით. 

ანგარიშგების საერთო სტანდარტი ადგენს:

  • ფინანსური ანგარიშების სახეებს, რომელთა შესახებაც კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტებისგან.
  • ფინანსური ინსტიტუტების მიერ სათანადო პროცედურების განხორციელების
    წესს, რომლის მიხედვითაც ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს
    კომპეტენტური უწყებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის განსაზღვრა.
  •  კომპეტენტურ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატს, პერიოდს და
    სხვა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ფინანსურ
ინსტიტუტებს წარმოეშობათ ვალდებულება, აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ამავე სტანდარტით და ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოში განსაზღვრული წესების დაცვით უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 ივნისისა.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტი შემუშავებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით.

კანონპროექტი ასევე ადგენს სანქციის ზომებს, რომელიც დაეკისრება ფინანსურ
ინსტიტუტს, ამავე კანონპროექტით შემოღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

კერძოდ, ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმებებით განსაზღვრული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის ვადის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ყოველდაგვიანებულ დღეზე. ამასთან, მთელ დაგვიანებულ პერიოდზე გამოანგარიშებული სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150000 ლარს.

ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ, ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, დამატებითი ინფორმაციის წარდგენის თაობაზე საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის
დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება ყოველ შემდგომ განმეორებაზე 20000 ლარის ოდენობით.

ანგარიშმგები ფინანსური ინსტიტუტის მიერ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის
შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსთვის არასრულად/არასწორად წარდგენა, - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილ ინფორმაციაში გამოტოვებული ან არასრულად/არასწორად წარდგენილი ანგარიშგებას დაქვემდებარებული თითოეული ანგარიშისთვის 20000 ლარის ოდენობით. 

Businesspartner