ფინანსები
12/04/2021

ფინანსთა სამინისტრო: ახალი ევროობლიგაციების გამოშვების გამოცხადება ხვალ იგეგმება

2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვასა და ახალი ევროობლიგაციების გამოშვებაზე ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

"სამწუხაროა, რომ ბოლო დღეებია, აღნიშნულ თემაზე ვრცელდება არაკომპეტენტური შეფასებები, მათ შორის, იმ პიროვნებების მხრიდან, რომლებმაც წესით უნდა იცოდნენ, რომ აღნიშნულ პროცესს, გამოშვების ფორმალურ გამოცხადებამდე აქვს კონფიდენციალობის გარკვეული სტანდარტი.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ აღნიშნული პროცესი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაიწყო, 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მომზადების დროს. ამის შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში გამოცხადდა კონკურსი და შეირჩა პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ბანკები.

ევროობლიგაციების გამოშვების პროცესში ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ითვალისწინებდა პარტნიორი ბანკების შერჩევას, ბაზრის ანალიზს, გამოშვებისთვის სწორი პერიოდის შერჩევას და პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრებს.

ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, შერჩეულია სამი ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC; პროცესში, თანამონაწილის სტატუსით ჩართულია 2 ადგილობრივი საინვესტიციო ბანკი - Galt & Taggart და TBC Capital.

პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხვალ იგეგმება გამოშვების ოფიციალურად გამოცხადება. პროცესის დასრულებისთანავე, ფინანსთა სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს დეტალურ ინფორმაციას.

მოსალოდნელია, რომ ახალ ევროობლიგაციებზე გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, იქნება მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე ეს იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხევაში. (6.875%)", - ნათქვამია განცხადებაში.