ფინანსები
25/12/2020

ერეკლე II-ს საკოლექციო მონეტები დეკემბრის ბოლოდან გაიყიდება

სებ-მა მონეტების ახალი სერიის "საქართველოს მეფეების" ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა.

მონეტები, რომელიც მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით  გამოუშვა, 28 დეკემბრიდან სებ-ის ონლაინ მაღაზიაში გაიყიდება.

მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა. ვერცხლის მონეტის ფასია 100 ₾, ოქროს მონეტის კი - 1 690 ₾.

5 ლარის ნომინალის ვერცხლისა და ოქროს საკოლექციო მონეტებისათვის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა, ავტორი ლევან კაკიაშვილია.

მონეტების უფრო მეტი კოლექციონერის ხელმისაწვდომობისთვის, პროდუქცია 2020 წლის 28 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება.