ფინანსები
02/07/2021

EBRD პროკრედიტ ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად €10 მლნ-ის სესხს გამოუყოფს

პროკრედიტ ბანკ საქართველომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) £10 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა. მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება. ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

EBRD-ი აცხადებს, რომ ევროკავშირი შეავსებს ამ დახმარებას მასტიმულირებელი გრანტებით და უფასო ადგილობრივი და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც დაფინანსებულია EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

დაფინანსება ადგილობრივ კომპანიებს საშუალებას მისცემს მოახდინონ წარმოების მოდერნიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტექნიკაში ინვესტიციების ჩადებით, ევროკავშირის სტანდარტების მიღებით, სამუშაო ადგილზე ჯანდაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებით და მდგრადი გარემოსდაცვითი პრაქტიკის განვითარებით. სესხების მინიმუმ 70% დააფინანსებს ინვესტიციებს მწვანე ტექნოლოგიებში.

სესხის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს EBRD–ის ფინანსურმა ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა ფრენსის მალიჟმა, ხოლო პროკრედიტ ბანკის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ და დირექტორმა ზეინაბ ლომაშვილმა, EBRD-ის 2021 წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 262 პროექტში - ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 79% კერძო სექტორზე მოდის.
 
2009 წლიდან, ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში ევროკავშირი ბიზნესისათვის ინიციატივის ფარგლებში. თითქმის 50 სხვადასხვა აქტიური პროექტით, რომელთა ბიუჯეტი 320 მილიონ ევროს აღემატება. ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ყველაზე დიდი უცხოელი მხარდამჭერია. 2019 წელს, საქართველოში 36000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განხორციელდა, რის შედეგადაც შეიქმნა 30,000 ახალი სამუშაო ადგილი და სავარაუდოდ 400 მილიონი ევრო დამატებითი შემოსვლის მიღება.