ფინანსები
03/08/2023

EBRD-მა ხელი შეუწყო "საქართველოს კაპიტალის" $150 მლნ-ის ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების გამოშვებას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  (EBRD) განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ  აგრძელებს კაპიტალის ბაზრების განვითარების მხარდაჭერას საქართველოში. ბანკმა მონაწილეობა მიიღო სს „საქართველოს კაპიტალის“ (GCAP) ქვეყანაში და რეგიონში პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების (SLB) გამოცემაში. EBRD-მა $25 მლნ ოდენობის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი, 150 მლნ ღირებულების ობლიგაციებში.

"შემოსული თანხა მოხმარდება GCAP-ს ევრობონდების რეფინანსირებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის საინვესტიციო პოტენციალს და გააძლიერებს მისი კაპიტალის მართვის შესაძლებლობებს. ტრანზაქცია თანხვედრაშია როგორც SLB ჩარჩოსთან, ასევე GCAP-ის გარემოსდაცვით ამბიციებთან: ტრანზაქციის ფარგლებში კომპანია აპირებს 2027 წლის ბოლომდე ნახშირორჟანგი ემისიების 20%-ით შემცირებას.

ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული, 5 წლიანი ვადით. მისი შემოსავლიანობა 8.5%-იანი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით არის განსაზღვრული და გამოცემულია 2023 წლის 3 აგვისტოს. ემისია თანხვედრაშია „საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ასოციაციის“ (ICMA) SLB პრინციპებთან. ობლიგაციების განთავსება მოხდება საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ემისიას მხარი დაუჭირეს პარტნიორმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა.

EBRD-ს და GCAP-ს ხანგრძლივი და ახლო თანამშრომლობა აკავშირებს, მათ შორის 2018 წელს პირველი ევრობონდების გამოცემაა.

GCAP-ი არის დივერსიფიცირებული ჰოლდინგი, რომელიც შვილობილი კომპანიებით წარმოდგენილია მთელ რიგ სექტორებში. კომპანია აქტიურია ჯანდაცვის, სააფთიაქო, დაზღვევის, განახლებადი ენერგიის და სხვა სექტორებში. აღსანიშნავია რომ GCAP-ი ერთადერთი ქართული არასაბანკო ორგანიზაციაა რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

EBRD-მა საქართველოში დღემდე თითქმის 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 286 პროექტის ფარგლებში, რომელთა 82 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის. ბანკის საინვესტიციო ძირითადი სფეროები ფინანსურ სექტორს, მდგრად ინფრასტრუქტურას, წარმოებას და მომსახურებას, და მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs) მოიცავს,"-აღნიშნია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Businesspartner