ფინანსები
30/01/2023

EBRD-მა 2022 წელს საქართველოში €218 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2022 წელს საქართველოში 218 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინვესტიციები განხორციელდა ჯანდაცვის სექტორსა და ენერგოეფექტურობაში, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) დაფინანსების უზრუნველყოფაში ადგილობრივი ბანკების საკრედიტო ხაზებისა და ვაჭრობის დაფინანსების მეშვეობით. 

ბანკი განაგრძობდა კერძო სექტორზე ფოკუსირებას და ქვეყანაში მისი მთლიანი ინვესტიციების 91 პროცენტი კერძო სექტორში განხორციელდა.

EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში,კატარინა ბიორლინ ჰანსენი აცხადებს, რომ 2022 წელს ბანკი კლიენტებს ინკლუზიური, მწვანე და მეტად გაციფრულებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაშიი დაეხმარა. 

"ჩვენი მხარდაჭერა მოიცავდა ვაჭრობის ხელშეწყობასა და ადგილობრივი საწარმოებისთვის დაფინანსების უზრუნველყოფას, მათ შორის, პარტნიორი ბანკების მეშვეობით და ევროკავშირის დამატებითი წამახალისებელი გრანტებით. ჩვენ ასევე განვახორციელეთ ინვესტირება სკოლების ენერგოეფექტურობაში და ხელი შევუწყვეთ ჯანდაცვის სექტორის მუშაობას, ამავე დროს, გავზარდეთ გენდერული და ინკლუზიური აქტივობები ჩვენს კლიენტებთან ერთად სამუშაო ადგილებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად“, - განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ერთ-ერთი აღსანიშნავი მოვლენაა სკოლების შენობების განახლება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"EBRD-ის 40 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, 13 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ევროკავშირიდან (EU) და დამატებითი დაფინანსება KfW-დან გამოყენებული იქნება სკოლებში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად, რაც ხელს შეუწყობს ზოგად ენერგოუსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას, ასევე, გააუმჯობესებს სასწავლო გარემოს სკოლის მოსწავლეებისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

12 მილიონი ევროს ინვესტირებით, ბანკმა განაგრძო კაპიტალის ბაზრების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში პირველ მწვანე ობლიგაციებში. 

"მხოლოდ საქართველოში, ბანკმა ხელი შეუწყო 60 მილიონი ევროს ღირებულების სავაჭრო დაფინანსების ტრანზაქციებს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სამ ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან თანამშრომლობით.

მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკისთვის აუცილებელია მცირე ბიზნესის წარმატებული საქმიანობა, ამიტომ EBRD-მა გააფართოვა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კომერციული ბანკებისთვის 109 მილიონი ევროს გამოყოფით ადგილობრივი ბიზნესისთვის სესხების გასაცემად.

ბანკი ასევე აწვდიდა ბიზნეს რჩევებს ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს 74 საკონსულტაციო პროექტის მეშვეობით, რათა კომპანიებს გაეფართოებინათ და გაეუმჯობესებინათ თავიანთი საქმიანობა კრიზისის დროს. აქცენტი გაკეთდა ქალთა ხელმძღვანელობით ან ქალთა საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე ქალი მეწარმეების და მენეჯერების გადამზადებით.

ბანკი ასევე დაეხმარა ორ ახალდაარსებულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიას საქმიანობის გაფართოების პროცესში, რითაც გააძლიერა რეგიონის სამეწარმეო ეკოსისტემა.

ბანკმა განაგრძო საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებაც, რომლებიც შექმნილია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, რეგულარულ საკონსულტაციო დახმარებასთან და ქალები ბიზნესში ინიციატივასთან ერთად, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, სამხრეთ კორეისა და შვედეთის მიერ.

ინვესტიციებთან ერთად, EBRD-მა განაგრძო პოლიტიკის დიალოგში მონაწილეობა. ბანკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის წარმართვაში ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მეშვეობით. ბანკმა ასევე უზრუნველყო ტექნიკური დახმარება, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას განახორციელოს თავისი ციფრული, ინკლუზიური და მწვანე დღის წესრიგი.

ბანკი ასევე დაეხმარა საქართველოს ეროვნულ ბანკს უზრუნველყოფილი ობლიგაციების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში კაპიტალის ბაზრების განვითარების გასაძლიერებლად.

ბანკის გენდერისა და ინკლუზიის სტრატეგიების შესაბამისად, EBRD აგრძელებდა ძალისხმევას, გენდერული ჩართულობის უზრუნველსაყოფად თავის პროექტებში თანაბარი შესაძლებლობების შექმნით მამაკაცებისთვის, ქალებისათვის და ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით სოფლად.

მთლიანობაში, EBRD-ის „მწვანე“ დაფინანსებამ საქართველოში 2022 წლისთვის ბანკის მთლიანი ინვესტიციების მოცულობის რეკორდულ 61 პროცენტს მიაღწია.

ბანკის პროექტების საერთო რაოდენობამ საქართველოში მიაღწია 283-ს, საერთო ინვესტიციების მოცულობა დღეისათვის 5 მილიარდ ევრომდეა, ხოლო კერძო სექტორის ინვესტიციები 81 პროცენტს შეადგენს", - ნათქვამია ორგანიაციიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

 

Businesspartner