ფინანსები
04/09/2023

EBRD-ის პირველი ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში დღეს დაიწყო

EBRD-ის პირველი ვიცე პრეზიდენტისა და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელის იურგენ რიგტერინკის ერთკვირიანი ვიზიტი კავკასიაში დღეს დაიწყო. ინფორმაციას EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. 

"ბ-ნი რიგტერინკი ჯერ სომხეთს ესტუმრება, შემდეგ საქართველოსა და აზეირბაიჯანს.

პირველი ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი რიგტერინკი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორ მატეო პატრონესთან ერთად შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს, ბიზნეს ლიდერებსა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს თითოეულ ქვეყანაში. ის ასევე დაესწრება უფლებამოსილების გადაბარებას EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენსა და მის მემკვიდრეს, ალკის ვრენიოს დრაკინოსს შორის.

სომხეთში პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკრედიტო ხაზს ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან კერძო სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით. საქართველოში ბ-ნი რიგტერინკი გამოაცხადებს პროგრამის დაწყებას EBRD-ის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულების ფარგლებში. აზერბაიჯანში ის მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დაწყებაში ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლებისთვის, რაც ორგანიზებულია სახელმწიფო პროფესიული განათლების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს კვების მრეწველობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას.

ვიზიტის წინ ბ-ნმა რიგტერინკმა აღნიშნა: „ეს ვიზიტი შესაძლებლობაა შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნეს საზოგადოების წევრებს, რათა ვიმსჯელოთ პრიორიტეტებზე რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინასთან რუსეთის ომისა და მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით. კავკასია ბანკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ მუდმივი მხარდაჭერა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების, საკონსულტაციო სერვისებისა და პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულობის გზით.“

EBRD-მა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა რეგიონში, 680 პროექტში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში,"-ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.