ფინანსები
28/04/2021

დოლარიზაციის შემცირება სებ-ის გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება

ეროვნული ბანკი პრეზიდენტი ქვეყანაში მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელზე საუბრობს.

კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მაღალი დოლარიზაციიდან მომდინარე წნეხი ინფლაციასა და გაცვლით კურსზე კვლავ ძლიერია.

"ის, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის შეზღუდვასთან ერთად, ფინანსური სტაბილურობის რისკებსაც შეიცავს და, ამდენად, მისი ეტაპობრივად შემცირება საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება. ამ მიზნით, ივლისიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10%-მდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70% ან მეტია, ის კვლავ 25% იქნება; ხოლო 40-70%-ის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება. ანალოგიურად, 15-დან 10%მდე შემცირდება სარეზერვო ნორმა 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებას, ეტაპობრივად ლარზე მოთხოვნის ზრდასა და სავალუტო ბაზარზე წნეხის შერბილებას", - განაცხადა ქვეყნის მთავარმა ბანკირმა.