დოლარიზაცია ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება - ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი საგრძნობი შემცირების მიუხედავად, დოლარიზაციას ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს.
ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომლის პოტენციური საშუალოვადიანი გავლენა განსაკუთრებით საყურადღებოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში.
"კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა, რამაც ხელი შეუწყო არსებული მოწყვლადობის მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, დაკრედიტებაში უცხოური ვალუტის სესხების კვლავ მაღალი წილისა და გაცვლითი კურსის გაზრდილი მერყეობის ფონზე, დოლარიზაცია რჩება არაჰეჯირებული მსესხებლებისა და, ჯამურად, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად", - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე მითითებულია, რომ პანდემიის შედეგად გამოწვეული შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია.
"თუმცა, კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2021 წლის 24 თებერვალს გაიმართება.