ფინანსები
07/04/2021

დევი ხეჩინაშვილი: ₾620 მლნ-იანი ბიზნესისთვის ₾47 მლნ-ის მოგება კარგი მაჩვენებელი არ არის

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშებს  ეხმაურება და აცხადებს, რომ 2020 წელი სადაზღვევო სექტორისთვის მთლიანობაში კარგი წელი იყო. დაახლოებთ 30%-ით გაიზარდა უბედური შემთხვევების დაზღვევიდან მოზიდული პრემია.

„2019 წელთან შედარებით, სექტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ციფრებს თუ გადავხედავთ, 620 მილიონიან ბიზნესს ჯამში 47 მილიონის მოგება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მოგება 8%-ია, ეს კი ბიზნესში კარგი არ არის.

2019 წელს იყო რამდენიმე მძიმე მოვლენა, მაგალითად, სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ 55 მილიონი ლარის ზარალი გადაიხადა. ამან შეამცირა 2019 წლის სექტორის მოგება.

გარდა ამისა, პოზიტიურია ის რომ 2019 წელს მომგებიანობის თვალსაზრისით მინუსში 4 კომპანია იყო, 2020 წელს კი  - სამია,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.

პანდემიიის მიუხედავად, საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა, გაიზარდა არამარტო კორპორატიული სექტორი, არამედ, კერძო სამედიცინო დაზღვევის მიმართულებაში ინდივიდუალური პოლისების რაოდენობა, დაახლოებით 8%-ით.

„სამედიცინო დაზღვევის წილი მცირეა, 17%-ს შეადგენს და მაჩვენებელი მცირედით იზრდება, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკის შედეგია. არიან ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით იძენენ სამედიცინო დაზღვევის პროდუქტს, თუმცა მთავრობა ამას სხვანაირად უყურებს, მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და მიიჩნევს, რომ ეს ჯერ-ჯერობით საკმარისია. სექტორში არსებული ზრდა, არის თავისთავადი, ადამიანები თავად იაზრებენ, რომ ჯობს  კერძო დაზღვევა ჰქონდეთ,“ - აცხადებს ხეჩინაშვილი.

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 17% სარგებლობს. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, სულ გაცემულია 620 408 პოლისი, რაც 17 575-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წელს სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 553 675 პოლისი.