ფინანსები
12/12/2020

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მართვის ახალი, უნიკალური  სისტემა აქვს

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მართვის ახალი, უნიკალური  სისტემა აქვს. პროგრამა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს, საკონსულტაციო კომპანია Asseco Georgia-მ შეიმუშავა. 

პროგრამული უზრუნველყოფა კონკრეტულად დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ბიზნეს პროცესზეა მორგებული და არცერთი სხვა უკვე არსებული პროგრამის ანალოგს არ წარმოადგენს.

ელექტრონული მართვის სისტემა სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფს, შესაბამისად, პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი სარგებლობს.
 
ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, შესაძლებლობა იქმნება ერთიან სისტემაში გაკონტროლდეს დეპოზიტების დაზღვევის ყველა ძირითადი პროცესი: ყოველთვიური ანგარიშგება, ანალიტიკა და სადაზღვევო შემთხვევა. დეპოზიტორებისთვის თანხის ანაზღაურების პროცესი კი წარიმართოს სწრაფად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ.

Asseco Georgia პროგრამაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, Asseco Georgia  Asseco Global-ის  ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში,რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის განხრით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, წამყვანი კომპანიაა.ჯგუფი მსოფლიოს 60 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 27 000 თანამშრომელს აერთიანებს.
 
Asseco Georgia სპეციალიზირებულია პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებასა და განვითარებაში.
საერთაშორისო კომპანიის  ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან  ოპერირებს.