ფინანსები
26/07/2021

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას სებ-ი 27 ივლისიდან დაიწყებს

ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას 27 ივლისიდან დაიწყებს.

მონერა ეროვნულმა ბანკმა დედამიწის დღესა და კლიმატის ცვლილება და გარემოზე ზრუნვას მიუძღვნა.

საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის დიზაინი იაპონიის ზარაფხანის სახელით ონუკი ნაოჰიკოს მიერ მომზადდა.

დედამიწის დღეს მსოფლიო ყოველწლიურად, გარემოს დაცვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად და მხარდასაჭერად აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში იმართება აქტივობები, რომელთა მიზანი გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის ჩართულობა და მოხალისეობის ხელშეწყობაა.

მონეტა სლოვაკეთის ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა. მონეტის ფასი 100 ლარია და მისი შეძენა 2021 წლის 27 ივლისის 10:00 საათიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ონლაინ მაღაზიის საშუალებით, 30 ივლისიდან კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმშიც (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) იქნება შესაძლებელი.

2021 წლის 27 ივლისიდან 15 დღის განმავლობაში პროდუქცია ლიმიტირებულად გაიყიდება - ერთი მომხმარებელი მხოლოდ ერთი მონეტის შეძენას შეძლებს (შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად), რათა მონეტა დაინტერესებულ პირთა მაქსიმალური რაოდენობისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.