დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა ₾4.5 მლრდ-ს აჭარბებს
დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შედეგად, ირაკლი კოვზანაძე იმედოვნებს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 5 მლრდ ლარს მიაღწევს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე საბანკო სექტორში განთავსებული ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობა 20,2 მილიარდ ლარზე მეტია, დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა კი 4,5 მლრდ-ს აჭარბებს.
"სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის შედეგად 2022 წლის ბოლოსთვის, თითქმის 5 მილიარდი ლარი იქნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია," - აღნიშნა კოვზანაძემ.
შეგახსენებთ, რომ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებებით, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიულ პირებიც ჩაერთვნენ.
„ევროპული სტანდარტების დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ სფეროში
ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯი პარლამენტმა გასული წლის აპრილში საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა, რომლის თანახმად 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება," - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე.
სამუშაო შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ ოთარ ძიძიკაშვილისგან დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვის პროცესზე მიიღო ინფორმაცია.