ფინანსები
11/02/2022

დავითაშვილი საპენსიო მომსახურებაზე: ველით ბანკებისგან კონკურენციას და კარგ შემოთავაზებებს

პენსიონერთათვის საპენსიო მომსახურების პირობების გაუმჯობესება მთავარი მიზანია, - ასე ეხმიანება ვიცე-პრემიერი უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებას საპენიო მომსახურებასა და საპენსიო სესხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. 

ლევან დავითაშვილი კმაყოფილია, რომ საკონკურსო პირობები ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეჯერდა.

„უამრავი შეხვედრა გვქონდა საბანკო დაწესებულებებთან, ეროვნულ ბანკთან. ფაქტიურად, კომისიამ უწყვეტ რეჟიმში იმუშავა რამდენიმე თვის განმავლობაში და ვფიქრობ, საბოლოოდ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც შეჯერდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც ბანკი შეირჩევა 1 თვის განმავლობაში, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და ამავე დროს საპენსიო უზრუნველყოფით სესხებსაც.

ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ახლა პოლიტიკურად იყო ძალიან დიდი ინტერესის საგანი, ეს იყო საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც იღებენ ჩვენი პენსიონერები იმ პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე. აქ ჩვენ მრავალთვიანი მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის და ვნახოთ, ეს არის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არის განსაზღვრული, იქნება 26%.

ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ დღეს ფულის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაცია დასტაბილურდება და დაიწევს ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი და ის ინდექსი, რომელზეც მიბმულია, ჩვენი გადაწყვეტილებით, პენსიონერების საპროცენტო განაკვეთი, თუმცა კონკურსის პირობებში ველოდებით დიდ კონკურენციას ბანკების მხრიდან და ველოდებით ამაზე კიდევ უფრო კარგ შემოთავაზებას.

მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებითაც გაუმჯობესების ძალიან დიდი სივრცეა და პირობები ჩვენი პენსიონერების გაუმჯობესდება. მათი უფლებები იქნება მაქსიმალურად დაცული, თუმცა ბანკების მხრიდან დაინტერესებისა და კონკურენციის შემთხვევაში, ეს შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს ჩვენი პენსიონერებისთვის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.