დალომბარდებული ნივთები ციფრულ პორტალზე აღრიცხება
მომავალი წლიდან ყველა დალომბარდებული ნივთის ციფრულ პორტალზე აღრიცხვა დაიწყება. ახალი წესი ე.წ ლომბარდებისთვის 1 თებერვლიდან ამოქმედდება.
ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირება სავალდებულო იქნება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის.
ამავე პორტალზე განთავსდება დეტალური ინფორმაცია ნივთის დამგირავებლისა და დაგირავებული საგნის შესახებ. მათ შორის იქნება ფოტოსურათები და ნივთის დეტალური მახასიათებლები.
პორტალთან წვდომა ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. პოლიციას კი ექნება უფლებამოსილება დაამუშაოს აღრიცხვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცული მონაცემები, მათ შორის, პერსონალური მონაცემებიც. ამ ტიპის პლატფორმის შემოღებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო.
ლომბარდების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროცესი კომპანიებს ხარჯებს უზრდის, რაც საპროცენტო განაკვეთებზე უარყოფითად აისახება.