
Coinbase-მა ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ დავა განაახლა
ამერიკის უდიდესმა კრიპტობირჟამ ქართველი მომხმარებლების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა განაახლო. აღნიშნული საქმე 2022 წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც კრიპტობირჟამ ტექნიკური ხარვეზის გამო 100 მილიონ ლარამდე დანაკარგი მიიღო.
კომუნიკაცია კრიპტობირჟასა და ქართველ მომხმარებლებს შორის რამდენჯერმე შედგა, პირველად, კრიპტობირჟამ მომხმარებლებს არასწორი გაცვლითი კურსით გატანილი თანხების დაბრუნება მოსთხოვა, შემდეგ კი კიდევ ერთი ოფიციალური წერილი გავრცელდა ქართული იურიდიული კომპანიისგან, რომელიც აღნიშნულ საქმეში კრიპტობირჟის ინტერესებს იცავდა.
გასულ კვირას, "Coinbase"-მა ქართველი მომხმარებლების მიმართ დაწყებული დავა განაახლა. როგორც ცნობილი ხდება, ერთ-ერთმა ქართულმა იურიდიულმა კომპანიამ მომხმარებლებს უკვე მიმართა.
წერილში მითითებულია, რომ "Coinbase” მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა არიდებულ იქნეს სამართლებრივი დავა და შედგეს შეთანხმება, რის შედეგადაც, მომხმარებლები შეძლებენ კანონიერი გზით დაიტოვონ იმ თანხების ნაწილი, რაც მიიღეს 2022 წლის აგვისტოში. წერილში ასევე მითითებულია, რომ მოლაპარაკებების ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 15 ივლისი.
საკითხის შეფასება ვთხოვეთ კრიპტო კონსულტანტსა და იურისტს, ავთანდილ კუჭავას:
„აღნიშნული საქმე უდავოდ საინტერესო და პრეცედენტული იქნება, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ვფიქრობ, ორივე მხარეს აქვს გარკვეული არგუმენტები და ახლა იმის თქმა რომ კრიპტობირჟის მოთხოვნა დასაბუთებულია, ნაადრევია. ორივე მხარის მიერ შარშან სექტემბერშივე იყო გაჟღერებული პოზიციები და სხვათა შორის, მოლაპარაკების სურვილი ქართველი მომხმარებლების ნაწილმაც მაშინვე შესთავაზა ბირჟას, თუმცა, პასუხი ვერ მიიღეს.“
„ბიზნესპარტნიორი“ ასევე დაინტერესდა, თუ როგორ ფასდება შესაძლო შედეგები და როგორი განვითარება შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ უპრეცედენტო საქმეს:
„საქმის მოგება-წაგების ალბათობა და მორიგების რესურსი, ჩემი აზრით, უფრო დავის დაწყების შემდეგ გამოჩნდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ქართველი მომხმარებლების მხრიდან ქეისის კარგად მომზადების შემთხვევაში, კრიპტობირჟას ძალიან გაუჭირდება სასურველ შედეგს მიაღწიოს.“