ფინანსები
02/07/2021

ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზებისთვის EIB-მ საქართველოს 106.7 მლნ ევრო გამოუყო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზებისთვის ევროკავშირის ბანკმა საქართველოს 106.7 მლნ ევრო გამოუყო.

ევროპის საინვესტიციო ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, და რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი. ამ ორი განახლებული მონაკვეთით ავტომაგისტრალი შესაბამისად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე გაგრძელდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, მოდერნიზაციის შედეგად ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის - აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობას უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები, გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობა. აღნიშული სამუშაოების განხორციელების შედეგად ასევე გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით გაუმჯობესდება ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების პირობები, აგრეთვე გაიზრდება ქვეყნის მდგრადობა ისეთი სერიოზული რისკების მიმართ, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია. ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს სარგებელს ათწლეულების განმავლობაში მოუტანს. ეს ინვესტიცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის გუნდის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან საქართველოს დასახმარებლად. აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო“ - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ჩერვინსკამ.

ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას 2012 წლიდან აფინანსებს. ჯამში, ბანკის მიერ ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყო დაახლოებით 1 მილიარდი ევრო, რაც ბანკის მიერ ქვყანაში განხორციელებული ინვესტიციების თითქმის ნახევარია.

Businesspartner