ფინანსები
28/04/2021

ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა იცვლება

საბანკო სექტორისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა იცვლება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, სარეზერვო მოთხოვნა ბანკებში არსებულ სავალუტო დეპოზიტების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული.

"ამ მიზნით, ივლისიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40%-ს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10%-მდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70% ან მეტია, ის კვლავ 25% იქნება; 40-70%-ის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება.

ანალოგიურად, 15-დან 10%-მდე შემცირდება სარეზერვო ნორმა 1-დან 2 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის", - განმარტა კობა გვენეტაძემ.

მთავარმა ბანკირმა განმარტა, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებას, ეტაპობრივად ლარზე მოთხოვნის ზრდასა და სავალუტო ბაზარზე წნეხის შერბილებას.