ბანკებისთვის კაპიტალის ბუფერების აღდგენის გეგმა ივნისში გაცხადდება
ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ბუფერების აღდგენის გეგმას ივნისში დაანონსებს, - საკითხზე ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.
გადაწყვეტილება, როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა განმარტავს, ბუფერების აღდგენა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე.
"მათ შორის ბანკების მომგებიანობა უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული ხედვა ეკონომიკის აღდგენის ტემპთან დაკავშირებით და ბანკების კაპიტალის ბუფერები უნდა იყოს საკმარისად კომფორტულ დონეზე", - განმარტავს პაპუნა ლეჟავა.
ეროვნულ ბანკს დაანონსებული აქვს, რომ გასული წლის მარტში, პანდემიის დაწყების დროს გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენისთვის საბანკო სექტორს საკმარისი დრო მიეცემა. სექტორში კი ფიქრობენ, რომ აუცილებელია მარეგულირებელმა ბანკებს ბუფერების აღსადგენად გრძელვადიანი პერიოდი განუსაზღვროს.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველი კვარტალი საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 412 მილიონი ლარის მოგებით დახურეს.
გასულ წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შერბილებისთვის კომერციულ ბანკებს კაპიტალის მოთხოვნები შეუმსუბუქდა და ჯამში სექტორს 1.6 მილიარდ ლარის კაპიტალი გამოუთავისუფლდა.