"მალდის" პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა - ხელნაკეთი ტყავის ჩანთების ქართული ბრენდი
"მალდი"პანდემიის დროს შექმნილი ბრენდია, რომელიც მომხმარებლებს ტყავის ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს. კომპანიის დამფუძნებელი მაკა ჩახიძე, ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად, "მალდის" ჩანთებზე მაღალი მოთხოვნაა.
„ბიზნესის დაწყების იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ტყავზე მუშაობა შევისწავლე. 2020 წლის დეკემბერში ჩემი ნამუშევრები უკვე შევთავაზე მომხმარებლებს. აქსესუარების შექმნისას არ ვიყენებ საკერავ მანქანას და თარგის გამოჭრიდან საბოლოო მდგომარეობამდე, ჩემი ხელით ვამზადებ თითოეულ დეტალს. ჩანთის დამზადებას დაახლოებით 3-5 დღე სჭირდება. ძირითადად ქართულ ნატურალურ ტყავს ვიყენებ, გამონაკლის შემთხვევებში თურქულს.
ვფიქრობ, პანდემიის მიუხედავად, მოთხოვნა საკმაოდ კარგია, განსაკუთრებით ჩანთებზე. "მალდის" კონკურენტებისგან მოდელების მრავალფეროვნება და ექსკლუზიური დიზაინი გამოარჩევს. ვცდილობთ, ფიქსირებული ფასები ყველა კატეგორიის მყიდველისთვის ხელმისაწვდომი იყოს, ინდივიდუალური შეკვეთების შემთხვევაში კი ფასი დამოკიდებულია ნამუშევრის სირთულეზე,“– აღნიშნავს მაკა ჩახიძე.
"მალდის" პროდუქციის შეძენა მხოლოდ ონლაინ, facebook გვერდზე არის შესაძლებელი, ასევე საერთაშორისო პლატფორმა ETSY.com-ზე.
ინფორმაციისთვის, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა. თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სამომავლო გეგმაშია სახელოსნოს მოწყობა და განვითარება, რისთვისაც საგრანტო კონკურსებში მიიღებს მონაწილეობას.