ფინანსები
26/07/2021

ბანკების სასესხო პორტფელი ივნისში ₾318.79 მლნ-ით შემცირდა

ბანკების სასესხო პორტფელი ივნისში შემცირებულია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისთან შედარებით გაცემული სესხების მოცულობა 318.79 მლნ ლარით (0.81%-ით) შემცირდა და 1 ივლისისათვის 39.21 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 464.05 მლნ ლარით (2.57%-ით) გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების კი 782.84 მლნ-ით (3.64%-ით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.89 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი), უცხოური ვალუტით 12.92 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით ნაკლები) სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.52%-ით მეტი).

2021 წლის ივნისის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 25.28 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 19.59 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.18% შეადგინა, 2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.55%-ული პუნქტით.