ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილები შედის - სებ-მა პროექტი გამოაქვეყნა
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის.
როგორც სებ-ში განმარტავენ, ცვლილების პროექტი კომერციული ბანკის ლიცენზირების, აქციონერთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნების დახვეწას ითვალისწინებს.
ეროვნული ბანკი ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაფერისობის კრიტერიუმების ჩარჩოს დამტკიცებასა და ლიცენზირების ჩარჩოს დახვეწას 2020 წლის დასაწყისში გეგმავდა, თუმცა, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე ეროვნულმა ბანკმა დროებითი მორატორიუმი გამოაცხადა, რაც, ასევე, ზემოაღნიშნულ რეგულაციებსაც შეეხო და მათი დამტკიცების საკითხი გადავადდა.
საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობისა და ლიცენზირების განახლებული წესების, ხოლო აქციონერთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ ახალი დებულების დამტკიცებას გეგმავს.
ცვლილებების საჭიროების ანალიზისა და იდენტიფიცირების პროცესში ეროვნულ ბანკს ექსპერტულ დახმარებას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) ექსპერტები უწევდნენ, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“ (TWINNING) - ფარგლებში.
სებ-მა ცვლილების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოაქვეყნა და მზად არის შენიშვნებიც გაითვალისიწნოს.