ბანკების მენეჯმენტში ქალთა რაოდენობით თიბისი და საქართველოს ბანკი ლიდერობს
"ქალის და მამაკაცის უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული, მაგრამ არა რეგულირების მექანიზმით“, - მიიჩნევს ვითიბის ექსმენეჯერი ვალერიან გაბუნია, წარმატებული ბანკირი, ქალებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილებით. მან ბანკი რუსული ვითიბის სანქცირებამდე, ომამდე დატოვა. ვითიბის საცალო მიმართულების ხელმძღვანელად ის სწორედ ქალმა (ნათია თხილაიშვილი) ჩაანაცვლა (სად განაგრძობს გაბუნია საქმიანობას მალე გახდება ცნობილი).
გაბუნიას შეფასებით, მმართველობით რგოლში ქალს ბევრი სიკეთე შეაქვს, თუმცა მიაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანოში გენდერული ბალანსი თვითრეგულირებადია. ბაზარი უკეთ აწესრიგებს, ვიდრე რეგულირების ნებისმიერი ინსტრუმენტი.
ასე მაგალითად მოწესრიგდა მინისტრთა კაბინეტი, რომელიც თურნავამ, ცქიტიშვილმა და ტიკარაძემ დატოვეს. 12 მინისტრს შორის 2 ქალია: თეა წულუკიანი და თეა ახვლედიანი (16.6%)
"ბანკმა უნდა უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ დაცული იყოს მოსაზრებათა მრავალფეროვნების ბალანსი. აღნიშნული გულისხმობს საბჭოს განსხვავებული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს min -20% (არანაკლებ 1 წევრი) უნდა შედგებოდეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან", - სებ-ის ეს რეგულაციაც ომამდე რამდენიმე წლით ადრე და ამდროისთვის სებ-ის საბჭოს ფემინიზაციის კოეფიციენტი 28.56%-ია (9 წევრიან საბჭოში 2 ქალია, 7 კაცი და 2 ადგილი ვაკანტური).
თიბისის კოეფიციენტი 37.5%-ია (8-წევრიან საბჭოში 3 ქალია: ცირა კემულარია, მარია ჩიკონიანი და ვენერა სუქნიძე). ასევეა საქართველოს ბანკი (მარიამ მეღვინეთუხუცესი, ვერონიკ მკ კაროლი, ჰანა ლოიკანენი).
ლიბერთი ბანკის საბჭოს 5 წევრიდან 1 ქალბატონია - მაგდა მაღრაძე (20%)
იულია კოპიტოვა და იულია სახაროვა - 2 ქალია ვითიბის 6 წევრიან საბჭოში (33%). როგორც იცით სანქცირებული ბანკის შვილობილმა ძირითადი აქტივი გაყიდა და ბაზრიდან გადის.