ფინანსები
24/07/2023

ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საპენსიო სააგენტო ჰეჯირების მიმართულებით დატრენინგდებიან

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით,  საქართველოს ფინანსური ბაზრის ხაზინების ასოციაციის  (GFMTA) მიერ , ფულის ბაზრის კვლევა მიმდინარეობს,  შედეგად დადგინდება  კომპანიების საჭიროებები და შემდეგ მოხდება შესაბამისი ინსტრუმენტბის შეთავაზება საერთაშორისო ორგანიზაციებში გასაწევრიანებლად, რათა საქართველო  მსოფლიოს საინვესტიციო რუკაზე გაჩნდეს.

USAID-ის გრანტი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს - ასოციაციის  ინსტიტუციონალურ განვითარებას და საგანმანათლებლო აქტივობების დაფინანსებას.  კერძოდ კი ასოციაცია USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს უფასოდ, ან მცირე გადასახადის სანაცვლოდ  შეთავაზებას.

კერძოდ, შემოდგომისთვის GFMTA, კორპორაციებისთვის, ე.წ buy side - მყიდველის მხარეს, ფოკუსირებული ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო პროგრამებს და რეალურ გარემოში ტრენინგებს გეგმავს დერივატივებსა და ჰეჯირების ინსტრუმენტებზე. ასევე იგეგმება ACI-ს, საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის სერთიფიცირებული ტრენერების ტრენინგები ბაზრის მონაწილეებისთვის იმ პროფესიულ მიმართულებებში, რომლებიც ვაჭრობის წინა ხაზზე არიან, რისკის განყოფილების მიმართულებით და საოპერაციო, ბექ ოფისის განყოფილების პროფესიონალებისთვის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე რევიშვილი აცხადებს, რომ ჰეჯირების ინსტრუმენტები საკმაოდ მრავალწახნაგოვანი საკითხია. მისი გამოყენებისას უნდა გვესმოდეს ფინანსური, ეკონომიკური, სამართლებრივი მხარე, ასევე ის რისკები რაც არსებობს მის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჰეჯირების ინსტრუმენტების არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა უფრო ცუდი შედეგი მოუტანოს კომპანიას, ვიდრე ის რა მიზნითაც მას იყენებდნენ.

სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო აქტივობებს ისეთი ექსპერტები, ჩაატარებენ,რომლებსაც პრაქტიკული და თეორიული, კომბინირებული ცოდნა განვითარებულ ფინანსურ ბაზრებზე აქვთ მიღებული.

GFMTA-ს აღმასრულებელი მდივნის ლაშა ჯუღელის განცხადებით, ფინანსურ ბაზრებზე ზოგადად განვიცდით განათლების დეფიციტს, უფრო ვიწრო სექტორებში, რა მიმართულებითაც ახლა მაგალითად ასოციაციაა დაკავებული - სავალუტო ბაზრებზე, რისთვისაც ფოკუსირებული ტრენინგებია გათვალისწინებული. ასოციაცია ზოგად განათლებაზეც აწარმოებს ტრენინგებს და ამ აქტივობებში USAID-ც ჩაერთვება. - ლაშა

USAID-ი თავის მხრივ, დიდ დროს უთმობს კაპიტალის ბაზრის საკითხებს, რაც თავის მხრივ, ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველის კაპიტალის ბაზრის საკითხებში გიორგი ამზაშვილის განცხადებით, ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი დიდი კომპონენტი მიწოდების მხარეა, რომელსაც ის კომპანიები წარმოადგენენ, რომლებმაც ისეთი მარკეტირებადი პროდუქტი უნდა შექმნან, რომლის ყიდვაც ინვესტორს მოუნდება. ამ მხრივ კი მისი თქმით, განსაკუთრებით სისუსტეა საქართველოში, რის ძირითად მიზეზადაც განათლების დონეს ასახელებს.

მისივე თქმით, ხაზინა, რომელიც თავის მხრივ შოულობს ფულს იმ ოდენობით და იმ დროს, როცა და რამდენიც კომპანიას სჭირდება, ქართულ კომპანიებში არ არის კარგად გამართული და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს.

გაჩნდა მაგალითები,რომ  ზოგიერთმა კომპანიამ ამ მხრივ კარგად იმუშავა და წარმატებით განათავსა კორპორატიული ობლიგაციები და ეს საკითხი ტრენდულიც გახდა, თუმცა ამას ბევრი მუშაობა ესაჭიროება. ამზაშვილი მიიჩნევს, რომ ბაზარზე კვალიფიციური ხაზინის სპეციალისტების გაჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა მიმართულებითაც ასოციაციის როლი და ფუქნცია USAID-სთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლის შეფასებით, ფინანსური სექტორი საქართველოში საკმაოდ განვითარებულია, იქ მომუშავე ადამიანებმა ეს საკითხები კარგად იციან, თუმცა განათლების დონის ამაღლება სებ-სთვის განვითარების მიმავალი პროცესია და არ მთავრდება.

რევიშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გადაცემის სხვადასხვა არხები არსებობს, რაც უფრო განვითარებულია ადგილობრივ ვალუტაში სავალუტო და ფინანსური ბაზრები, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებები პოლიტიკის განაკვეთთან მიმართებით, უფრო სწრაფად და ეფექტურად მიემართება.

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ USAID - ის ეკონომიკური განვითარების პროგრამისგან $220 ათასის გრანტი საგანმანათლებლო, ორგანიზაციული და კვლევითი მიმართულებების განვითარების უზრუნველყოფისთვის მიიღო.

შეგახსენებთ,  საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია 2019 წლის 21 ნოემბერს - ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების (მის-ოები)  მიერ დაფუძნდა.

დღესდღეობით ასოციაციაში 15 ორგანიზაციაა გაწევრიანებული, მათ შორის სულ ახლახანს საპენსიო სააგენტო შეუერთდათ, ეროვნული ბანკი (დამფუძნებელი წევრი), 3 მისო და დანარჩენი მონაწილეები კომერციული ბანიები არიან. ამჟამად, შვეიცარელი ექსპერტები, ბრუნო ლანგრიცი და მარსელ ციმერმანი, ასოციაციის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე მუშაობენ.

 

 

 

Businesspartner