ფინანსები
23/08/2021

ასოციაცია: ბანკებში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე

საბანკო სექტორში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე, - განცხადებას საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

განცხადებაში ასოციაცია ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას აფასებს და განმარტავს, რომ ექსპერტების ჩართულობით განიხილება სექტორში დამატებითი რეგულაციების შემოტანა, რაც უზრუნველყოფს, როგორც მილიონობით მომხმარებლის, უსაფრთხოებას, ისე დადებით მაგალითს მისცემს სხვა დამსაქმებლებსაც და სექტორსაც.

"ქვეყანაში შექმნილი მძიმე კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი, ფინანსური სექტორი, რომელიც ყოველდღიურად ოპერირებს წინა ხაზზე და შეუფერხებლად აწვდის მომსახურებას თავის მომხმარებლებს, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვაქცინაციის პროცესის წახალისებას და მაქსიმუმს გააკეთებს თანამშრომელთა უსაფრთხოების დასაცავად.

ჩვენი, როგორც საბანკო ასოციაციის მნიშვნელოვანი მიზანია, დავიცვათ ჩვენს სექტორში დასაქმებული ადამიანები კოვიდ ინფექციისგან, ასევე ვიზრუნოთ იმ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე, ვინც ყოველდღიურად სტუმრობენ საბანკო ფილიალებს. მაქსიმალურად წახალისებულია დისტანციური სერვისების მოხმარება და ამავდროულად დაცულია უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები ფილიალებში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ვაქცინაცია და უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით შესრულება  ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის, დავძლიოთ ის უზარმაზარი გამოწვევა, რაც პანდემიამ ქვეყნის მოსახლეობას და ეკონომიკას შეუქმნა.

ამ მიზეზით, ვაქცინაციის მხარდასაჭერად ბანკებში არაერთი საინფორმაციო და წამახალისებელი აქტივობა გაკეთდა, აგვისტოს მონაცემებით, სექტორში დასაქმებულთა 50%-ზე მეტი უკვე აცრილია ან რეგისტრირებულია აცრაზე, ბანკები აქტიურად აგრძელებენ ამ მიმართულებით ერთობლივ მუშაობას.

ვფიქრობთ, რომ შექმნილ სიტუაციაში, ჩვენი, როგორც ათიათასობით ადამიანის დამსაქმებლის როლი და პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია, შესაბამისად პრიორიტეტად მივიჩნევთ ადამიანთა სიცოცხლის შენარჩუნებას, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რა მიზეზითაც, ექსპერტების ჩართულობით განვიხილავთ დამატებითი რეგულაციების შემოტანას, რაც უზრუნველყოფს, როგორც ჩვენი გუნდების და მილიონობით მომხმარებლის, უსაფრთხოებას, ისე დადებით მაგალითს მისცემს სხვა დამსაქმებლებსაც და სექტორსაც.

რეგულაციების ფარგლებში განიხილება საერთაშორისო გამოცდილების და საქართველოში სხვა სექტორებში უკვე არსებული პრაქტიკის გაზიარება, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას ან რეგულარულ ტესტირებას. ვფიქრობთ ამ ნაბიჯებით ბევრი სიცოცხლის გადარჩენას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას შევუწყობთ ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.