ფინანსები
25/07/2020
აშშ–ს კონგრესმა საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%–ის შეჩერებას მხარი დაუჭირა
პირველად საქართველო ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში,აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 224-189 ხმით საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა ისე, რომ საქართველოსთვის 132 მილიონი დახმარებიდან 15 პროცენტი არ გაიცემა, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადინდება, რომ საქართველოს მთავრობა დგამს შესაბამის ნაბიჯებს რათა:
1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ებრძოლოს კორუფციას. 2. კერძო სექტორთან მიმართებაში დაიცვას კანონის უზენაესობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.
კონგრესის მიერ $ 132 მლნ. გამოყოფის კანონპროექტის ტექსტთან ერთად დამტკიცდა განმარტებები: იმისათვის რომ საქართველომ ეს დახმარება მიიღოს სრულად და არ დაუკავდეს 15%, ამისათვის სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს და საბიუჯეტო კომიტეტს მოახსენოს, რომ საქართველოს ხელისუფლება:
-ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას;
-იცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგანაც;
-ეფექტურად ახორციელებს აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალეობა, საჯარო ინფორმაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის ჩათვლით;
-იცავს სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;
-ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.