ფინანსები
27/10/2023

არჩილ გაჩეჩილაძე:მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა

"მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა, თუმცა რამდენად სწრაფად, ეს არის მთავარი კითხვა,"-ამის შესახებ "აბრეშუმის გზის ფორუმზე" "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის საფუძველს ის ფაქტორი იძლევა, რომ საქართველოში ინფლაციური წნეხი მოხსნილია. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი, ქართველ მომხმარებლებსა და ბიზნესებზე, რომლებსაც სესხი ლარში აქვთ, დადებითად აისახება.

რაც შეეხება რეგულაციების კუთხით ცვლილებებს, მისი ინფორმაციით, დაკრედიტების მიმართულებით მცირე ცვლილებები შევიდა. მათ შორის, სამომხმარებლო სესხის ვადიანობის 4 წლამდე გაზრდა და არაჰეჯირებული სესხების ლიმიტის აწევა.

"სამომხმარებლო სესხის ვადიანობის 4 წლამდე აწევა ვფიქრობ, რომ მსესხებელზე დადებითად აისახება და ასევე ბევრ მომხმარებელს კრედიტზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს.

არაჰეჯირებული სესხების შეზღუდვის ნაწილში კი, ვფიქრობ, რომ არასწორი შეზღუდვა იყო. რადგან, ემიგრანტები, რომლებიც ევროში იღებენ ანაზღაურებას და აქ სურთ ბინის შეძენა, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ სესხი იმ ვალუტაში აიღონ, რა ვალუტაშიც შემოსავალი აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც  შემოსავალი და გასავალი სხვადასხვა ვალუტაშია, ის გარკვეულ რისკებს აჩენს.

რაც შეეხება 300 000 ლარაამდე ლიმიტის აწევას, რა თქმა უნდა დამატებითი შეზღუდვაა. მომხმარებლისთვის კარგი როგორ შეიძლება იყოს, როდესაც არჩევანი ეზღუდება. თუმცა მაკროეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ გასაგები მიზეზია,“-აცხადებს გაჩეჩილაძე.  

შეგახსებეთ, 18 ოქტომბერს,  ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის სხდომის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 3 წლიდან 4 წლამდე ზრდის. ასევე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სავალუტო რისკებისგან დაცული მოქალაქეები სესხის აღებას შეძლებენ იმ ვალუტაში, რომელშიც აქვთ შემოსავალი.