არჩილ ბაკურაძე: "კრისტალბანკი" მიკრობანკის ლიცენზიის ერთ-ერთი პირველი პრეტენდენტი იქნება
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" მიკრობანკის სტატუსის მიღებაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივის კანონად ქცევისთანავე, "კრისტალი" იქნება ერთ-ერთი პირველი მიკროსაფინანსო, რომელიც მიკრობანკად გარდაქმნის შესაძლებლობას გამოიყენებს.
"ველოდებით ამ ინიციატივის კანონად ქცევას. როგორც იცით, ამასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს დაწყებული აქვს მუშაობა, კონსულტაციები. ზოგადი რეკომენდაციების გარდა, შესაქმნელია საზედამხედველო ჩარჩო, წესები, ნორმატივები. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება დაიძრება ეს ინიციატივა და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პრეტენდენტი, რომელიც გააკეთებს განაცხადს მიკრობანკის ლიცენზიაზე", - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი მიკრობანკების შესახებ კანონმდებლობის მომზადებაზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს.