ფინანსები
27/09/2023

არასაფინანსო კომპანიებისთვის ემისიის ზღვარი შემცირდა

არასაფინანსო კომპანიისთვის ემიისიის მინიმალური ზღვარი შემცირდა 300 000-დან 200 000 ლარამდე, - "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების" საკანონმდებლო პაკეტში ქვედა ზღვარის დაწევის ცვლილება ოთხშაბათს საკომიტეტო მოსმენაზე შევიდა. საფინანსო-საბიჯეტო კომიტეტს პაკეტი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარაიშვილმა წარუდგინა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა. 

მე-3 მოსმენაზე რამდენიმე ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებაც შევიდა, მათ შორის შეიცვალა ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულების ტერმინი "ემისიის სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრული ღირებულებით".

საკანონმდებლო პაკეტი კაპიტალის ბაზრის მონაწილეების (ბროკერი, ემიტენტი, ინვესტორი, მარეგულირებელი) უფლებამოსილებებს და ვალდებულებებს განსაზღვრავს  და ძალაში 2024 წლის მარტიდან შევა. 

იურიდიული კომიტეტის შენიშვნებით, ცვლილებები კანონპროექტის რამდენიმე მუხლში შევიდა: ჩაიდო გარკვეული დათქმები, რომ სებ-ის უფლებამოსილება შემოსაზღვრული იყოს.  მაგალითად, გაიწერა პირობები, როდის შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ საბროკერო ან ცენტრალური დეპოზიტარი. 

სებ-ის ინფორმაციით, კანონპროექტებით გაწერილი ვალდებულებები და პროცედურები ახლაც სრულდება. ბაზრის ინფრასტრუქტურა მოწყობილია და მუშაობს. უბრალოდ საკანონმდებლო ჩარჩო ჩამორჩება. 

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის და კაპიტალის ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებები საჯარო ემისიების ემიტენტებს ავალდებულებს ქაღალდების (აქციები, ობლიგაციები...) ცენტრალურ დეპოზიტარში გამოშვებას. ასევე ობლიგაციების (ან აქციების და სხვა) რეესტრები 01.06.2024-მდე უნდა გასდასცენ დეპოზიტარს, გააფორმონ ხელშეკრულება და გახსნან ანგარიში.

სებ-ის ლიცენცირებულმა ცენტრალურმა დეპოზიტარმაც ივნისამდე უნდა მიმართოს სებ-ს და მოიყვანოს თავისი საქმიანობა  სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობაში.

დეპოზიტარში რეგისტრირება სავალდებულო არ არის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებისას. აღნიშნული დეფინიცირდება რეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად და რეესტრი დარჩება მხოლოდ რეგისტრატორში. 

დეპოზიტარის და ემიტენტის ვალდებულებებთან ერთად საკანონმდებლო  ცვლილებების პაკეტი ასევე აწესრიგებს ფუნქციების დელეგირების საკითხებს. კანონპრექტში დაბრუნდა საინვესტიციო ფონდების შესახებ ჩანაწერი, ფონდების ერთეულების მფლობელთა (ისევეა, როგორც სს-ის შემთხვევაში აქციონერები) რეესტრის წარმოების რეგისტრატორებზე დელეგირების შესახებ.