ფინანსები
19/03/2020

ანალიტიკოსები სებ-ისთვის დუალური მანდატის მინიჭების აუცილებლობას ხედავენ

ანალიტიკოსები ეროვნულ ბანკისთვის დუალური მანდატის მინიჭების აუცილებლობას ხედავენ.

„PMC კვლევითი ცენტრის“ ეკონომისტი მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში არსებული ვითარების ფონზე, აშკარაა სებ-ის მანდატის გაფართოების აუცილებლობა, ისევე როგორც ეს აქვს ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას.

მიხეილ კუკავა აღნიშნავს, რომ დუალური მანდატის აუცილებლობას სრულიად აშკარად გვაჩვენებს არსებული ვითარება, რადგანაც ეროვნული ბანკი კანონით მხოლოდ პასუხისმგებელია ფასების სტაბილურობაზე, რისთვისაც გატარებული ღონისძიებები, შესაძლოა, ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი გახდეს, მაშინ როდესაც საქართველოსთვის გატარებულ ღონისძიებებში „ოქროს შუალედის“ მოძებნაა აუცილებელი.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ დღეს სებ-ი ზრუნავს ეკონომიკის ზრდასა და გრძლევადიან საპროცენტო განაკვეთებზე, მაგრამ ეს „ისედაც ზრუნვა“ საკმარისი არ არის.

„თუ გაგვექცა ინფლაცია, ეროვნულმა ბანკმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთით უნდა მოთოკოს ინფლაცია და შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა. მაგრამ როდესაც მანდატით ექნება განსაზღვრული, რომ არამხოლოდ ფასების სტაბილურობაზე უნდა იზრუნოს, არამედ დასაქმების ზრდაზეც, რაც ეკონომიკის ზრდის გარეშე მიუღწეველია და გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზეც, რაზეც ისედაც ზრუნავს (ვითარება შეიცვლება). ასეთი არჩევანის დროს, რომლის წინაშეც არაერთხელ დავდექით ეკონომიკური ზრდა, თუ ფასების სტაბილურობა – დუალური მანდატი არის შეუცვლელი“, – განაცხადა მიხეილ კუკავამ.