ფინანსები
06/08/2020

ანა გოგოლაძე სოციალურ დახმარებებზე: COVID-ის გამო გაურკვევლობაა და მთავრობა ფრთხილად უნდა იყოს

ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის წარდგენისას, პრემიერის განცხადებით 17 წლის ჩათვლით ბავშვები 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, დაბალი სოციალური ქულების მქონე სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ, კომუნალური შეღავათების პროგრამა ზამთრის პერიოდში გაგრძელდება, თვითდასაქმებულებს, რომლებმაც დოკუმენტაცია ვერ წარადგინეს სახელმწიფო სექტემბერამდე 300 ლარიან კომპენსაციას გადაუხდის.

თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის დირექტორი ანა გოგოლაძე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპით გათვალისწინებულ დახმარებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს, მითუმეტეს, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო.

„გასაკვირია ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მთავრობა გვიმტკიცებდა, რომ მინიმალური სახსრები არსებობდა მოქალაქეების დასახმარებლად. წინასაარჩევნო პერიოდი მოახლოვდა და ეს განცხადება, შეიძლება  პოლიტიკურ შინაარსს ატარებდეს. რაც შეეხება, სოციალურად დაუცველების სწავლის გადასახადის დაფინანსებას, მათ სწავლის გადასახადზე ისედაც ჰქონდათ შეღავათი. თუმცა, თუ დამატებით ნაკლებ ქულიანი სოციალურად დაუცველი კატეგორიისთვის იქნება ეს კიდევ სხვა საკითხია. 17 წლამდე მოქალაქეების დახმარება 200 ლარით, რომლითაც 5–6 წლის ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ისარგებლებს, უნდა განკარგოს მისმა მშობელმა. რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო აძლევს თანხას მშობლებს, რაც პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვის ერთგვარ ხერხად. ასევე, ჩნდება კითხვები ყველას სჭირდება 200 ლარიანი დახმარება?! რატომ არ ხდება შემოსავლების მიხედვით სეგრეგაცია, რომ დაბალანსდეს სოციალური ფონი,“ – ამბობს ანა გოგოლაძე.

ფონდის წარმომადგენილის განცხადებით, პოლიტიკურ მოტივს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას, COVID ფონდში 135 მილიონი იყო მობილიზებული, რომელიც ბიუჯეტში ასახული არ იყო . მისივე თქმით, თუ სახელმწიფო გეგმავდა ამ თანხის სოციალურ დახმარებებზე დახარჯვას, ამის დაანონსება თავიდანვე იყო შესაძლებელი და არა წინასაარჩევნოდ.

„ჩვენ არ ვიცით რა იქნება მომავალ წელს. თუ ეკონომიკური კლება იმ ტემპით გაგრძელდება როგორც ახლაა, საბიუჯეტო სახსრები საგრძნობლად შემცირდება. შესაბამისად, მთავრობა უფრო ფრთხილად უნდა იყოს მსგავსი პროექტების დაანონსებისას. სახელმწიფომ დაახლოებით 5 მილიარდის ვალი აიღო, აქედან 2,5 მილიარდს  ხაზინის ანგარიშზე ინახავდნენ გაურკევევლი მიზნობრიობით. დიდი ალბათობით, სავარაუდოა, რომ ეს 2,5 მილიარდი დაიხარჯება სწორედ ამ სოციალური დანაპირების შესრულებაში,“ – ამბობს თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის დირექტორი.

Businesspartner