ალექსანდრე ძნელაძე: ველოდებით, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება
საბანკო სექტორის წარმომადგენლები 2 აგვისტოს ჩანიშნულ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთის მინიმუმ 0.5%-ით შემცირებას ელიან. წლის ბოლომდე კი სექტორი მონეტარული პოლიტიკის 9%-მდე შერბილებასაც არ გამორიცხავს.
როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ეკონომიკურ ზრდას და ლარში სესხების გაცემას წაახალისებს.
„ბოლო პერიოდში ინფლაცია თარგეთირებულ, სამ პროცენტზე ბევრად დაბალია და წლის ბოლომდე, მოლოდინი რომ მკვეთრად შეიცვალოს არ არის. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, რომ შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი. რაც თავის მხრივ წაახალისებს ლარში სესხების გაცემას, ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპს. მართალია, საკმაოდ მაღალია ეკონომიკური ზრდის ტემპი. თუმცა, ჩვენ მხოლოდ 2023 წლის მაჩვენებლებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რადგან მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადაწყვეტილება, 2024 წლის ეკონომიკურ ზრდაზეც იქონიებს გავლენას. როგორც იცით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საკმაოდ დაბალია როგორც ევროპაში ისე ამერიკაში, თუმცა მთავარ გამოწვევად დღის წესრიგში მაინც ინფლაცია რჩება.“-აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
მისივე განმარტებით, იყო ერთგვარი დაპირება, რომ ყოველ მეორე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე მოხდებოდა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.
„სწორედ ახლა, ორ აგვისტოს ჩანიშნულ სხდომაზე ველოდებით, რომ შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი. თუმცა გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება მაინც რთულია. დღეს იმის თქმა თუ როგორი იქნება წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკა, 9% იქნება თუ უფრო ნაკლები, ცოტა ნაადრევია. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 9% უნდა იყოს წლის ბოლოს.“-აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთს 11%-იან მაჩვენებელზე წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელად ინარჩუნებდა. თუმცა, მაისიდან სებმა მკაცი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო.