ფინანსები
28/07/2020

ალექსანდრე ძნელაძე: ციფრული ბანკის პოტენციალი საერთაშორისო მასშტაბზე გასვლაა

ციფრული ბანკის პოტენციალი არ არის მხოლოდ საქართველო, მისი პოტენციალია  საერთაშორისო მასშტაბით გასვლა და საერთაშორისო სერვისის შეთავაზება, - ასე აფასებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში ციფრული ბანკის დანერვის მნიშვნელობას.

ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ აღნიშნა, რომ ციფრული ბანკი კლასიკურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ციფრული ბანკის შემთხვევაში მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა კლასიკური ბანკისგან განსხვავებით 10-ჯერ ნაკლებია და მხოლოდ 5 მლნ ლარს შეადგენს, არ არის რთული რეგულაცია, გაანგარიშება და არის მიბმული პირდაპირ მიმდინარე ანგარიშებზე მოზიდული სახსრების ლიკვიდობის კოეფიციენტთან“, - განაცხადა ძნელაძემ.

ძნელაძე ხსნის, რომ ციფრული ბანკი არ არის ინტერნეტბანკინგი. “ციფრული ბანკინგის შემთხვევაში ბანკი მუდამ თქვენ ტელეფონშია, ეს არის ბანკი, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს.“

ალექსანდრე ძნელაძემ მაგალითად მოიყვანა, საქართველოში არსებული ერთადერთი ციფრული ბანკი „სფეისი“, რომელმაც უკვე შეძლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა.

რაც შეეხება იმას, რომ ციფრულმა ბანკმა შესაძლოა კონკურენცია გაზარდოს ბანკებისთვის, ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, რომ კონკურენცია არასოდეს არის ცუდი და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორში ისედაც ძლიერიკონკუკრენციაა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების საკითხს განიხილავს. ამ მოდელის განვითარებით  ცენტრალური ბანკი  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს  ინოვაციური ბიზნესს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, ასევე  მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებულ, მოხერხებულ, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას. რისკების მინიმიზაციის  მიზნით ეროვნული ბანკი პროცესში რეგულირების ლაბორატორიას გამოიყენებს.

Businesspartner