ფინანსები
22/01/2021

ალექსანდრე ძნელაძე: კრიზისის რეალურ ეფექტს 2021 წელს ვიხილავთ

კრიზისის რეალურ ეფექტს 2021 წელს ვიხილავთ - ასე პასუხობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი კითხვას „გადალახა თუ არა საბანკო სექტორმა პანდემიით გამოწვეული კრიზისი“.

ალექსანდრე ძნელაძე აღნიშნავს, რომ ბანკებმა მსესხებლებს 2 ეტაპად გადაუვადეს სესხები, რომელთა ნაწილი სესხების მომსახურებას სწორედ წელს გაზაფხულზე დაიწყებს, გადავადებული ბიზნესსესხების გადახდის გრაფიკი კი, ზოგ შემთხვევაში შემოდგომამდეა გადავადებული.

„ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, აღნიშნული სესხების დარეზევება უკვე მოხდა 2020 წლის მარტში. ეს რეზერვი უკვე ასახულია 2020-ის მოგება-ზარალში და იმედი გვაქვს, რომ წელს მხოლოდ „ამორეზერვება“ მოხდება და არა დამატებითი რეზერვის შექმნა „გაფუჭებული სესხებისთვის“, - განაცხადა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორთან“ და აღნიშნა, რომ სექტორზე დადებითი გავლენა ჰქონდა „ანტიკრიზისული გეგმით“ გათვალისწინებულ ღონისძიებებს, სესხების სუბსიდირებას, თუ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედებას.  

საბანკო ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ სწორედ 2021 წლის ბოლოსთვის მიაღწევს ვადაგადაცილებული სესხების წილი ჯამური სესხების 10%.

„ვადაგადაცილებების რეალურ სურათს დავინახავთ 2021 წლის ბოლოს, თუ რა თქმა უნდა, დამატებითი პრობლემები არ გამოიკვეთა და გლობალური რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა არ დადგა“, - განაცხადა ძნელაძემ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბური რესტრუქტურიზაცია ამ ეტაპზე, აღარ განიხილება.

საბანკო სექტორი 2021 წელს ოპტიმისტურად უყურებს.

„2021 წელს მზად ვართ 2020 წლის რეჟიმშიც კი გავაგრძელოთ მუშაობა. ახლა მთავარია მეტი სერვისი შევთავაზოთ მომხმარებელებს დისტანციურად. ზრდაზე ორიენტირებული იქნება სექტორი და ასევე ფოკუსირება გაკეთდება უსაფრთხოებაზე“, - მიიჩნევს ძნელაძე.

მისი პროგნოზით, 2021 წელს საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზრდა ლარის გაცვლითი კურსის გამორიცხვით, 10-15% იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელი საბანკო სექტორმა 99.2 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. 15 კომერციული ბანკის კონსოლიდირებული მოგება დაახლოებით 10-ჯერ არის შემცირებული, 2019 წელს სექტორს 900 მლნ ლარზე მეტის მოგება ჰქონდა.

Businesspartner