"ალდაგი" წლის ბოლოსთვის სადაზღვევო მომგებიანობის მკვეთრ შემცირებას ელის
„ალდაგი“ წლის ბოლოსთვის სადაზღვევო მომგებიანობის მკვეთრად შემცირებას ელის.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, პრემიების კლების ტენდენცია უკვე შესამჩნევია. „წლის ბოლოს დავინახავთ სადაზღვევო მომგებიანობის დაცემას და პრემიების შემცირებას. კარგ ვარიანტში შეიძლება მაჩვენებლები დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, რაც იყო 2019 წელს. აგვისტო-სექტემბერში პრემიების შემცირება ცალსახაა. მაგალითად, აგვისტოში უცხოეთიდან შემომავალი ავტომანქანების სავალდებულო დაზღვევიდან მიღებული შემოსავალი 71%-ით არის შემცირებული,“ - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.
მისივე განმარტებით, სადაზღვევო სექტორის პირველი ექვსი თვის დადებითი ფინანსური შედეგები ძირითადად კურსთა შორის სხვაობით და აქტივების გადაფასებით იყო გამოწვეული. „ამასთან, სადაზღვევო კომპანიების ზარალიანობა ორი თვის განმავლობაში იყო შემცირებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დაწესებული შეზღუდვების დროს მომხმარებლები სერვისების მიღებისგან თავს იკავებდნენ. ეს ყველაფერი ფინანსურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახა, მაგრამ რეალურად სადაზღვევო სექტორს ზრდის მოლოდინი არ აქვს,“ - განაცხადა გიორგი ბარათაშვილმა.