ფინანსები
01/09/2020

აქ, ახლა - ტრადიციული ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე

აქ, ახლა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით შექმნილი პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია. ონლაინ მაღაზია - Qsovili.ge სხვადასხვა ქართველი დიზაინერისა თუ სტარტაპერის მიერ, უნიკალური ქსოვილების მოტივებზე შექმნილ კოლექციებს აერთიანებს.

ტრადიციულ ქართულ ქსოვილთან და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად შექმნა და მიზნად ქართული ქსოვილის ისტორიის კვლევა, ტრადიციების აღდგენა და მათი თანამედროვე, ყოფით კულტურაში დამკვიდრება დაისახა.

ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენისა და შესწავლის პროექტი მუზეუმმა 2016 წელს დაიწყო. 2 წლის განმავლობაში მხატვრებისა და მკვლევარების ჯგუფმა საქართველოს ეკლესიები მოიარა, ფრესკებზე გამოსახული საერო პირების სამოსი მაქსიმალური სიზუსტით გადმოხატა და მათი შესწავლა დაიწყო.

2018 წელს გამოიცა წიგნი - „ქსოვილი საქართველოდან“, სადაც 200-ზე მეტი ფრესკიდან, 300-მდე პატერნია თავმოყრილი. წიგნში შეკრებილი მასალა კარგად ასახავს, თუ რამდენად ფერადი, თანამედროვე და მრავალფეროვანი იყო საუკუნეების წინანდელი საერო, თუ სადღესასწაულო სამოსი. ასევე, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდში ჩაცმის კულტურა ქვეყანაში და რა ახდენდა მასზე გავლენას.

მემკვიდრეობა და ახალი თაობა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტებია, სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანი ქართული ტრადიციული ქსოვილის ყოველდღიურობაში გადმოტანა, მისთვის ახალი სიცოცხლისა და დანიშნულების მიცემა იყო.

იმისთვის, რომ ქართული ქსოვილის ნიმუშები ყოველდღიურობაში ინტეგრირებულიყო და მათ თანამედროვე სახე და გამოყენება ჰქონოდა, თიბისიმ, ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, დაინტერესებულ დიზაინერებსა და სტარტაპერებს შესაძლებლობა მისცა წიგნში თავმოყრილ პატერნებზე დაყრდნობით, სხვადასხვა სახის პროდუქცია შეზღუდული რაოდენობით შეექმნათ.

თიბისიმ პროექტის ფარგლებში 20-მდე მეწარმეს და მათ საქმიანობას დაუჭირა მხარი. საბოლოო პროდუქცია და Ready to wear კოლექციები ახალი ქართული ბრენდის ქვეშ გაერთიანდა და აქ - Qsovili.ge, ახლა, შემდეგი დიზაინერებისა და სტარტაპერების მიერ შექმნილი სამოსის, აქსესუარებისა და ნივთების შეძენა შეგიძლიათ: დარაია, ლაკო ბუკია, Rose Moda, მუზარადი, Side Size, კერამიკ სტუდია, ლაკოიაჟ, Spilow, Why not gallery და სხვა.

 

Businesspartner