ფინანსები
17/08/2021

აფბა: საპენსიო მომსახურების პირობების დადგენის პროცესი მაქსიმალური გამჭვირვალობით უნდა წარიმართოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიის შექმნის საკითხს ეხმაურება. აფბას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისიის საქმიანობა გამჭვირვალე იყოს და საპენსიო მომსახურების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით შექმნილი სატენდერო კომისიის საქმიანობა მაქსიმალური გამჭვირვალობით წარიმართოს. ვინაიდან საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს საშუალება უნდა ჰქონდეს არსებული კომისიის მუშაობაში ჩაერთოს.

დღეს საქართველოში 780 ათასზე მეტი პენსიის მიმღები უფროსი თაობის ადამიანი ცხოვრობს. ამდენად, რა თქმა უნდა, საპენსიო მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებული პროცესი საზოგადოებისთვის უაღრესად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. შესაბამისად, აუცილებელია მსგავსი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილებები მხოლოდ სიღრმისეული მსჯელობის შედეგად იქნას მიღებული.

საპენსიო მომსახურების საკითხები წლების განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან პერიოდულად აქტუალურდება. თუმცა, სამწუხაროდ, ვითარების სიღრმისეული ანალიზის და საკითხის გადაწყვეტის ნაცვლად, სხვადასხვა პარტიების მხრიდან მუდმივად პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნებს ვხედავთ.

საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სატენდერო კომისიის შექმნის კვალდაკვალ, გაჩნდა რეალური შესაძლებლობა, რომ აღნიშნული საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს და ყველა კითხვას დასაბუთებული პასუხი გაეცეს.

ამდენად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე გაიხსნას ფართო საზოგადოებრივი დისკუსია, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს საკუთარი პოზიციის და შეხედულების დაფიქსირების საშუალება ექნება.

სხვაგვარად საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს, თუ არ მოხდა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა, აღნიშნული კომისიის საქმიანობას ვერ ექნება დადებითი შედეგი და საკითხი კვლავ გადაუჭრელი დარჩება“, – ნათქვამია აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.