ფინანსები
05/09/2023

"აფბა" საპენსიო დანაზოგების ინვესტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – „აფბა“, საპენსიო სააგენტოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად მიიჩნევს და დადებითად აფასებს პარლამენტის მიერ პირველი და მეორე მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2028 წლის 1 იანვრამდე, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები დაბალრისკიან აქტივებში განთავსდება.
 
"როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს საქმიანობისა და მისი საინვესტიციო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ მაღალია და ბოლო პერიოდში არაერთგვაროვანი მოსაზრებებიც გამოითქვა ამ საკითხისადმი. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ საკითხის მნიშვნელობას და იმ გარემოებას, რომ სააგენტოს საქმიანობაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების გარანტირებულად უზრუნველყოფილი სიბერე.
 
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოქალაქეებს 6 აგვისტოდან თავად უნდა აერჩიათ თუ როგორი რისკის მატარებელ პორტფელში სურდათ საკუთარი საპენსიო დანაზოგის ინვესტირება. ამისთვის მათ ერთი თვის ვადა მიეცათ, ხოლო თუ ერთი თვის ვადაში ისინი არჩევანს არ გააკეთებდნენ მათი აქტივები ავტომატურად მაღალრისკიან პროთფელში გადაინაცვლებდა (საუბარია 40 წლამდე მოქალაქეებზე).
 
აღსანიშნავია, რომ რეფორმის დაწყებამდე საპენსიო სააგენტოს მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაცია სრულყოფილად არ შედგარა და მოსახლეობისთვის დეტალურად არ განუმარტავთ იმ რისკების შესახებ, რომელიც ამა თუ იმ პორტფელში ინვესტირებას ახლავს თან. ასევე, არ არის ცნობილი თუ როგორ გამოთვალა საპენსიო სააგენტომ პორტფელების რისკიანობის დონე.
 
რიგით მოქალაქეს კი ასეთი სპეციფიკური სფეროს ცოდნა ნამდვილად არ მოეთხოვება.
 
ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ქვეყანაში ფინანსური განათლების დაბალი დონე, რომელიც ეროვნული ბანკის კვლევით, საშუალოზე დაბალ მაჩვენებელზეა და 17 ქულიანი შკალიდან 10 ქულას მცირედით თუ აჭარბებს.
 
შესაბამისად, ასეთი არათანმიმდევრულობისა და ბუნდოვანების ფონზე „აფბა“ ზემოთხსენებული რეფორმის გატარებას ნაჩქარევად მიიჩნევს და მიესალმება პარლამენტის გადაწყვეტილებას პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, იმედს იტოვებს, რომ უახლოეს პერიოდში საბოლოოდ, მესამე მოსმენით მოხდება კანონში დაგეგმილი ცვლილებების დამტკიცება პარლამენტის მიერ, რათა საზოგადოებაში დასრულდეს ის გაურკვევლობა, რაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით არსებობს.
 
ამავდროულად, „აფბა“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ გამოყოფილი პერიოდი ნაყოფიერად უნდა იქნას გამოყენებული საპენსიო სააგენტოს მიერ და გასწორდეს რიგი ხარვეზები, რომელიც საზოგადოების კომუნიკაციის მიმართულებით არსებობს. მნიშვნელოვანია სააგენტომ მკაფიოდ გამიჯნოს და განმარტოს, თუ რას მოიაზრებს მაღალრისკიან, დაბალრისკიან თუ საშუალორისკიან პორტფელებში ინვესტირება, რათა გაიზარდოს საზაგადოების ნდობა სააგენტოს საქმიანობის მიმართ.
 
ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია რიგი ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით, რათა საპენსიო აქტივების განთავსება მოხდეს არამხოლოდ უცხოურ ფასიან ქაღალდებში, არამედ მისი აკუმულირება შესაძლებელი იყოს ქართულ ეკონომიკაშიც და საპენსიო სააგენტომ მოახერხოს მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციის, ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირების სრულფასოვანი განხორციელება,"-ნათქვამია "აფბას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.