ფინანსები
13/02/2023

ADB-მ საქართველოში პირველი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციებისთვის რესურსები გამოყო

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ₾18.75 მლნ-ის (დაახლოებით $7 მლნ) ინვესტიცია  საქართველოში უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მისო) - სააქციო საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ (კრისტალი) მიერ ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებულ 2-წლიან გენდერულ ობლიგაციებში განახორციელა.

ეს არის პირველი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციების ემისია სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

მიღებული შემოსავლით დაფინანსდება ქალთა საკუთრებაში არსებული მირკო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. ობლიგაციების ემისიის სრული მოცულობა 25 მილიონ ლარს შეადგენს.

ძირითადი ინვესტორია ADB, ხოლო საქართველოს ბანკი, 6.25 მილიონი ლარით, თანაინვესტორს წარმოადგენს. გენდერული ობლიგაციები სოციალური ობლიგაციებია, რომლებიც გამოშვებულ იქნა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშესაწყობად. გენდერული ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით კრისტალმა მოიპოვა მესამე  მხარის მოსაზრება კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ასოციაციის (ICMA) სოციალური ობლიგაციების პრინციპებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.

“ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები ხელს უწყობს კერძო სექტორს კაპიტალის საიმედო მართვაში და ახდენს  ფინანსური ბაზრის იმ ხარვეზების შევსებას, რომლებიც ხელს უშლის განვითარებად ქვეყნებს მიაღწიონ მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას,” განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ფინანსური ინსტიტუტების განყოფილების დირექტორმა ქრისტინ ენგსტრომმა.

როგორც ADB-ში აცხადებენ, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები გადამწყვეტ როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ისინი შეადგენენ კერძო ორგანიზაციების უმრავლესობას და მათზე მოდის სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტი, მაგრამ საწარმოების ზრდას აფერხებს ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა.

ეს განსაკუთრებით არაპროპორციულად აისახება ქალებზე, სესხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით არსებული მაღალი მოთხოვნებისა და სხვა დამკვიდრებული მიკერძოებული დამოკიდებულებების გამო, რაც ხელს უშლის აქტივების საკუთრებაში ფლობას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დაბალშემოსავლიან მსესხებელთა ფინანსურ სახსრებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მიუვალ სოფლებში, რომელთა მომსახურებაზე, როგორც წესი, უარს ამბობენ ტრადიციული კომერციული ბანკები.

“კრისტალი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს მდგრად დაფინანსებას და მცირე მეწარმეებს და ჩვენი მუშაობა აღიარებულ იქნა არაერთი კორპორაციული ჯილდოთი და საინვესტიციო გარიგებით,” განაცხადა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა ილია რევიამ.

შეგახასნებეთ, კრისტალი საქართველოში წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და უმსხვილესი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია. იგი მართავს 400-მილიონიან სასესხო პორტფელს და 50 ფილიალში დასაქმებული ათასზე მეტი თანამშრომლით ქვეყნის მასშტაბით 130,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.  

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

Businesspartner