ფინანსები
04/12/2020

ADB-მ საქართველოს $2.5 მილიონიანი გრანტი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი საქართველოს კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის მიმდინარე საპასუხო ნაბიჯების ხელშესაწყობად დაამტკიცა.


კოვიდ-19-ის საგანგებო დახმარების საგრანტო პროექტი ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის კატასტროფების ფონდის (APDRF) მიერ  ფინანსდება, იაპონიის მთავრობის ფინანსური მონაწილეობით და გამოყენებული იქნება პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მისაწოდებლად, მათ შორის ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გასაზრდელად, პირადი დამცავი და ზოგადი სამედიცინო აღჭურვილობით მოსამარაგებლად.


„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბოლო თვეებში კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების გამო განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდის,” განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. „გრანტი საქართველოს დაეხმარება საპასუხო ქმედებების განხორციელებაში და ის ADB-ის მიმდინარე დახმარების ნაწილია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხელშესაწყობად, სოციალური დაცვისა და მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად.“


გრანტი ADB-ის ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19-ის უარყოფითი შედეგების სამართავად. მაისში ADB-მ დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაავადების გავრცელების, ბიზნესზე მისი უარყოფითი გავლენის შერბილებისა და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებად. ოქტომბერში ბანკმა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა ქვეყნის საჯარო ფინანსურ მართვასა და სოციალური დაცვის სისტემებში არსებული გამოწვევების დასაძლევად.


ADB-მ მიმდინარე წლის აგვისტოში რეგიონული ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში საქართველოს ასევე გამოუყო გრანტი PCR ტესტის აპარატის შესაძენად. ახალი მოწყობილობა გაზრდის საქართველოს ტესტირების შესაძლებლობას და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ვირუსის უკეთ გამოვლენასა და გავრცელების შეკავებაში დაეხმარება.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.