ფინანსები
11/11/2021

ADB-მ საქართველოს €101 მილიონის სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოსთვის 101 მილიონი ევროს (დაახლოებით 119.9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი დაამტკიცა. როგორც ADB-ში განმარტავენ, სესხი გამოიყო ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და უკვე არსებულის რეაბილიტაციისთვის, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გასაუმჯობესებლად ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდის მიზნით.

ADB-ის ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტი წინასწარი გათვლებით თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს მოუტანს სარგებელს.

პროექტით გათვალისწინებული რესურსები მოხმარდება ქალაქების ცენტრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და პარკების რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას უკეთესი მობილობისთვის. პროექტის ფარგლებში აშენდება ბიბლიოთეკები, ელექტრონული სწავლების ცენტრები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები.

პროექტი განხორციელდება ADB-ის მიერ შემუშავებული „ინკლუზიური ქალაქების გზამკვლევის“ მიხედვით საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის.

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული ობიექტების, ქალაქების ისტორიული ცენტრებისა და სხვა ტურისტული ადგილების რეაბილიტაციას. ასევე განახლდება ტრანსპორტის სისტემები, მათ შორის თბილისის მეტრო, გაუმჯობესებული წვდომისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ,
მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.