
ADB-ის და "საქართველოს კაპიტალის" თანამშრომლობით რეგიონში ყველაზე დიდი, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ემისია განხორციელდა
აზიის განვითარების ბანკისა და სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალის“ თანამშრომლობით „საქართველოს კაპიტალის“ მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ობლიგაციების ემისია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ADB-მ, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორმა არსებითი დახმარება გაუწია კომპანიას ამ ინოვაციური ინსტრუმენტის მისაღებად. ეს კი ADB-ის პირველი ინვესტიციაა კერძო სექტორის მდგრადობასთან დაკავშირებულ ობლიგაციებში.
„საქართველოს კაპიტალმა“ ჯამში 150 მილიონი აშშ დოლარის ($) ხუთწლიანი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. ეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი სავალო ვალდებულებაა და მდგრადობასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი ობლიგაციაა საქართველოსა და კავკასიაში. ADB აღნიშნულ ობლიგაციებში $16 მილიონის ინვესტირებას განახორციელებს და მიღებული თანხა მოხმარდება განახლებული ენერგიისა და განათლების მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების რეფინანსირებას და კორპორატიული საქმიანობის მხარდაჭერას ჯგუფის მდგრადობასთან დაკავშირებული მთავარი საწარმოო ინდიკატორის მისაღწევად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, სიუზან გაბურიმ აღნიშნა, ADB-ის, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკის ეს ინვესტიცია იმ მხარდაჭერის ნაწილია, რასაც ბანკი თავისი წევრი განვითარებადი ქვეყნების კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის ახორციელებს ინოვაციური და ახალი მიმართულების მიმცემი ემისიებით, განსაკუთრებით კლიმატისა და მდგრადობის კუთხით.
„ADB-ის ხანგრძლივმა თანამშრომლობამ „საქართველოს კაპიტალთან“ შესაძლებელი გახადა ამ მდგრადობასთან დაკავშირებული ინსტრუმენტის შეთავაზება. ველოდებით, რომ აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დიდი მოცულობა და კერძო სექტორის მხრიდან გამოხატული ჯანსაღი მოთხოვნა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში კლიმატთან დაკავშირებული მეტი ობლიგაციის გამოშვებას“,- აღნიშნავს სიუზან გაბური.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაცია მოწინავე სასესხო ინსტრუმენტია, რომელიც საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით გაიცემა.
„მას აქვს კლიმატთან დაკავშირებული მიზნები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული მთავარი ინდიკატორებით იზომება და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევით ფასდება. ბონდების საიმედოობაზე დამოუკიდებელი შეფასება „სასთეინანალიტიკსმა“ წარმოადგინა, ემიტენტის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩოზე დაყრდნობით, რაც თანხვედრაშია კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პრინციპებთან.
ეს ემისია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია „საქართველოს კაპიტალის“ ოპერაციების ნულოვან ემისიაზე გადასასვლელად, რასაც მიზნად ისახავს 2050 წლისათვის. მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ფარგლებში „საქართველოს კაპიტალი“ გეგმავს 2027 წლისათვის სათბური აირების გამოყოფის 2022 წელთან შედარებით 20%-ით შემცირებას. ეს ასევე დაეხმარება საქართველოს მიერ პარიზის შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებას 35%-ით შეამციროს სათბური აირების ემისია და 2030 წლისათვის 1990 წლის დონეს ჩამოსცდეს. ამ უმნიშვნელოვანესმა ტრანზაქციამ მოიზიდა საქართველოში გამოშვებული კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი $83 მილიონის კერძო სექტორის ინვესტიცია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც „საქართველოს კაპიტალის“ თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა აღნიშა, „საქართველოს კაპიტალი“ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ნულოვან ემისიაზე გადასვლის ვალდებულება აიღო, რითაც გრძელდება ჩვენი ქვეყანის დახმარება ნულოვანი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასასვლელად.
„ემისია ასევე დაეხმარება ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას და წაახალისებს რეგიონში მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტებისა და სტანდარტების გამოყენებას. ის ასევე გააძლიერებს ჩვენს ფინანსურ მოქნილობას და მოგვცემს შესაძლებლობას განვაგრძოთ სავალო ვალდებულებების მნიშვნელოვნად შემცირება. მადლობელი ვართ ADB-ის მხარდაჭერის და ველოდებით კლიმატის ინვესტიციებში თანამშრომლობის გაგრძელებას“,- აღნიშნა გილაურმა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს კაპიტალი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში. მისი მრავალფეროვანი პორტფელი მოიცავს საბანკო და სადაზღვევო სფეროს, ჯანდაცვას, განახლებული ენერგიის, წყალმომარაგების სერვისების, განათლების, საცხოვრებელი სახლებისა და მასპინძლობის მიმართულებებს.
„ღია სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალი“, სს „საქართველოს კაპიტალის“ მფლობელი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული. ADB და „საქართველოს კაპიტალის“ პორტფელში შემავალი კომპანიები თანამშრომლობენ 2019 წლიდან.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.