ფინანსები
05/05/2023

ADB-ის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლად თბილისი, საქართველო დაასახელა. ღონისძიება 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება. 

საქართველო პირველად უმასპინძლებს ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას. 

როგორც აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს შესაძლებლობას  ADB-ის მმართველებისთვის განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე მდგარი განვითარების საკითხები და გამოწვევები. ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობს რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, მთავრობების მაღალი რანგის წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მედია.

„საქართველო რეგიონული ვაჭრობის აქტიური ჰაბია და უმნიშვნელოვანესი ხიდია აზიასა და ევროპას შორის,“ განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ მომავალი ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის ღონისძიებაზე.

„სლოგანი, რომელიც 57-ე ADB-ის ყოველწლიური შეხვედრისთვის შევარჩიეთ, გამოხატავს სინერგიის საჭიროებას რეგონული და გლობალური მასშტაბით, რათა აღდგენის, დაკავშირებისა და რეფორმების შემდეგ შევძლოთ ავაგოთ ხიდი უფრო ნათელი მომავლისკენ,“ განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის მმართველმა ლაშა ხუციშვილმა.

57-ე ყოველ ყოველწლიური შეხვედრის თემაა „ხიდი მომავლისკენ.“ 56-ე ყოველწლიური შეხვედრის თემა კი იყო: „განახლებული აზია: აღდგენა, დაკავშირება და რეფორმა.“

ADB-მ  საქართველოსთან თანამშრომლობა 2007 წელს დაიწყო და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მულტილატერალური განვითარების პარტნიორია. ADB-ს მიერ საქართველოსთვის გაცემული 82 საჯარო სექტორის სესხის, გრანტისა და ტექნიკური დახმარების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მისი მიმდინარე სუვერენული პორტფელი საქართველოში 1.75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 17 სესხს მოიცავს.

ADB განაგრძობს საქართველოს ხელშეწყობას, რათა ქვეყანამ უპასუხოს გეოპოლიტიკური ვითარებითა და კლიმატთან დაკავშირებული რისკებით გამოწვეულ მზარდ რყევებს და დაეხმაროს კერძო სექტორს უფრო აქტიური როლი შეასრულოს ეკონომიკაში. ბანკი იმუშავებს შესაძლებლობებზე საქართველოში დააფინანსოს კლიმატგამძლე გადაწყვეტილებები წყლის რესურსების მართვის, ირიგაციის, ურბანული ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მეზობელ ქვეყნებში ენერგოექსპორტის გაზრდის მიზნით.

ბანკი დაეხმარება ქვეყანას გამოიყენოს არსებული პოტენციალი სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და  რეგიონული ვაჭრობის გასაძლიერებლად, უმუშევრობისა და სამუშაო უნარების მიმართულებით არსებული მზარდი გამოწვევების დასაძლევად. ADB-ის ინვესტიციები განხორციელდება გენდერული თანასწორობის, მწვანე განვითარებისა და ინოვაციების, როგორც სამრეწველო სექტორის განვითარების მთავარი ელემენტების ჩართულობით, მათ შორისაა უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებული საფუძველი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების სრული კომერციული წარმატების მისაღწევად. 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

Businesspartner